Aa
Aa

სრული ფიასკო - შენგელიას 11-მა ქულამ "ბასკონია" სირცხვილს ვერ გადაარჩინა

ევროლიგის მე-11 ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონია" სტუმრად "პანათინაიკოსს" დაუპირისპირდა. ბერძნული გრანდი ფავორიტად მოიაზრებოდა და "პაომ" სტატუსი გაამართლა. მასპინძლებმა ბასკებს შანსი არ დაუტოვეს, უპირატესობას მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდნენ და საბოლოოდ მეტოქე 100-68 გაანადგურეს.

"ბასკონიას" ქართველმა კაპიტანმა პარკეტზე 28 წუთი და 35 წამი გაატარა, რა დროშიც აქტივში 11 ქულა, 6 მოხსნა(3 მეტოქის ფარზე) და ერთი შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. თოკოს სროლა არ წაუვიდა და 7-დან 2 ორქულიანი, 6-დან 2 სამიანი და 4-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

"ბასკონიას" კალათბურთელებმა საშინლად იასპარეზეს, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ შენგელიას გარდა 10 ქულიანი ნიშნული მხოლოდ იუსუფა ფალმა და ნიკ სტაუსკასმა გადალახეს. გამარჯვებულებს რაც შეეხებათ, "პაოს" 21 ქულით ჯიმერ ფრედეტმა ულიდერა. დეშონ ტომასი 15 ქულას დასჯერდა, ხოლო ტაირის რაისი 12 ქულით გამოირჩა.

საბერძნეთში განცდილი ფიასკოს შემდეგ "ბასკონიას" ანგარიშზე 5 მოგება და 6 წაგებაა. ბასკები სატურნირო ცხრილის მე-10 ადგილს იკავებენ და მომდევნო შეხვედრას 7 დეკემბერს, საშინაო არენაზე, მეორე პოზიციაზე მყოფი "ანადოლუ ეფესის" წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები