19 წლის ფეხბურთელი, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა, „მანჩესტერის“ განაცხადში მოხვდა
Aa
Aa

19 წლის ფეხბურთელი, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა, „მანჩესტერის“ განაცხადში მოხვდა

მაქს ტეილორი ისტორიულ მომენტთან ძალიან ახლოსაა. 19 წლის ბიჭუნას შანსი გაუჩნდა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მაისური მოირგოს და თუ ოცნება აუსრულდა, ბევრი ადამიანის შთაგონების წყარო გახდება.

ტეილორი 2014 წლიდან „წითელი ეშმაკების“ რიგებში ირიცხება. მას საკმაოდ პერსპექტიულ ფეხბურთელად მოიაზრებდნენ, თუმცა დაახლოებით ერთი წლის წინ ურთულესი განსაცდელი დაატყდა თავს.

2018 წლის ოქტომბერში მას სათესლე ჯირკვლის სიმსივნე დაუდგინეს. ტეილორმა ოპერაცია გაიკეთა და შემდეგ 9 კვირიანი ქიმიოთერაპიის კურსი დაიწყო. მაქსი მძიმე დაავადებას არ შეუშინდა, ყურები არ ჩამოყარა და საბედნიეროდ მისმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო. რამდენიმე საათის წინ ოლე გუნნარ სულშერმა მაქს ტეილორი „ასტანასთან“ გასამართი მატჩის განაცხადში შეიყვანა. მაქსი ოცნების ასრულებასთან ძალიან ახლოსაა და იმედი ვიქონიოთ, რომ ნორვეგიელი სპეციალისტი მას თავის გამოჩენის საშუალებას მისცემს.

2018 წლის იანვარი - მანჩესტერში დაბადებულმა მაქს ტეილორმა „იუნაიტედთან“ პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა.

2018 წლის მაისი - „მანჩესტერის“ 18-წლამდელთა გუნდში მაქსი Premier League Northern-ის ჩემპიონი გახდა.

2018 წლის ოქტომბერი - ტეილორს სათესლე ჯირკვლის კიბო დაუდგინეს და 4 ოქტომბერს მარცხენა სათესლე ჯირკვალი ამოაჭრეს.

2018 წლის ნოემბერი - ტეილორი ქიმიოთერაპიის 9-კვირიან კურსს იწყებს.

2019 წლის თებერვალი - „იუნაიტედი“ აცხადებს, რომ მაქსის ორგანიზმს მკურნალობაზე დადებითი რეაქცია ჰქონდა.

2019 წლის მარტი - ქიმიოთერაპიის კურსის დასრულებიდან 6 კვირის შემდეგ ტეილორს 5 საათ-ნახევრიანი ოპერაცია ჩაუტარდა.

2019 წლის მაისი - მაქსი საწვრთნელ ბაზაზე ბრუნდება.

2019 წლის სექტემბერი - მაქსი ინდივიდუალურად ვარჯიშობს. 2 კვირის შემდეგ კი გუნდს უერთდება.

2019 წლის ოქტომბერი - 19 წლის ფეხბურთელი მოედანს დაუბრუნდა და „მანჩესტერის“ 23-წლამდელთა გუნდში იასპარეზა.

2019 წლის ნოემბერი - ოლე გუნარ სულშერმა ტეილორი „ასტანასთან“ გასამართი მატჩის განაცხადში შეიყვანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები