Aa
Aa

გრიზმანი: "ატლეტიკო იმიტომ არ დამიტოვებია,რომ ჩემპიონთა ლიგა მომეგო"

“ბარსელონას” ფეხბურთელმა, ანტუან გრიზმანმა UEFA-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც „ბლაუგრანაში“ შექმნილი სიტუაციის, ლიონელ მესისა და იმ მიზეზების შესახებ ისაუბრა, რომელთა გამოც „კამპ ნოუზე“ გადასვლა გადაწყვიტა.

„ძალიან მორცხვი ვარ და ადამიანებთან ურთიერთობა კარგად არ გამომდის. საუბრის დაწყება ჩემი პლუსი ნამდვილად არაა, თუმცა მე, ლუის სუარესმა და ლეო მესიმ საერთო ენა უკვე გამოვნახეთ და ერთად ვისადილეთ კიდეც. დროთა განმავლობაში ჩვენი ურთიერთობა გაუმჯობესდება და რა თქმა უნდა პროგრესის მიღწევაში მინდორზე განვითარებული მოვლენებიც დაგვეხმარება“.

გრიზმანი განსაკუთრებულ აქცენტს „ლა პულგაზე“ აკეთებს და აცხადებს: „მესი გახლავთ ფეხბურთელი, რომლის მსგავსს მომდევნო 40 წლის განმავლობაში ვერ ვიხილავთ. მისი თამაშით სიამოვნება უნდა მივიღოთ, რადგან ლეო ბურთით საოცრებებს აკეთებს“.

ინტერვიუს ბოლოს ფრანგმა სუპერვარსკვლავმა ახსნა თუ რატომ მიიღო კარიერის „ბარსელონაში“ გაგრძელების გადაწყვეტილება.

„ატლეტიკო იმიტომ არ დამიტოვებია, რომ ჩემპიონთა ლიგა ან უფრო მეტი ტიტული მომეგო. ბარსელონაში იმიტომ გადავედი, რომ ახალი სათამაშო სტილი შემესწავლა, ახალი ფილოსოფია გამეცნო და პროგრესი განმეცადა.

ჩემი მიზანი იყო ვზიარებოდი ახალ სათამაშო სტილს იმ კლუბში, რომელსაც განსხვავებული საფეხბურთო ხედვა აქვს. ჩემი სურვილი სიახლის ძიება გახლდათ, თორემ დარწმუნებული ვარ „ატლეტიკოს“ ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგება ნებისმიერ მომენტში შეუძლია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები