Aa
Aa

შეუდარებელი ლუკა დონჩიჩი - სლოვენიელმა კიდევ ერთხელ გაიბრწყინა

„დალას მავერიქსის“ მსუბუქმა ფორვარდმა, ლუკა დონჩიჩმა „ჰიუსტონ როქეთსთან“ მატჩში საკალათბურთო სამყარო კიდევ ერთხელ გააოცა. 20 წლის სლოვენიელმა ლეგენდარული ოსკარ რობერტსონის მიღწევა გაიმეორა და იმდენი მოახერხა, რომ ჯეიმს ჰარდენის, რასელ უესტბრუკისა და მაიკლ ჯორდანის ტრიოს შეუერთდა.

„ჰიუსტონთან“ მოგებულ შეხვედრაში ლუკამ პარკეტზე 34 წუთი და 26 წამი გაატარა და აქტივში 41 ქულა, 10 პასი და 6 მოხსნა ჩაიწერა. შედეგად 20 წლის სლოვენიელი ABA-სა და NBA-ის გაერთიანების შემდეგ მეოთხე კალათბურთელი გახდა, რომელმაც მინიმუმ 30 ქულა და 10 შედეგიანი გადაცემა ზედიზედ ოთხ შეხვედრაში გაიფორმა. გარდა ამისა დონჩიჩი ოსკარ რობერტსონის გარდა ერთადერთი კალათბურთელია, რომელიც სეზონის საწყისი 16 მატჩის შემდეგ საშუალოდ 30 ქულაზე, 10 მოხსნაზე და 9 პასზე მეტს აგროვებს.

აქვე გეტყვით, რომ „დალას მავერიქსი“ 11 მოგებითა და 5 მარცხით დასავლეთ კონფერენციის მეოთხე ადგილს იკავებს. რიკ კარლაილის გუნდს მომდევნო შეხვედრაში ურთულესი გამოცდის ჩაბარება მოუწევს. 27 ნოემბერს დონჩიჩი და კომპანია კავაი ლეონარდისა და პოლ ჯორჯის „კლიპერსს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები