Aa
Aa

პირადი რეკორდი და უკან ჩამოტოვებული აბდულ-ჯაბარი

იანის ანტეტოკოუნმპომ „პორტლენდთან“ მატჩში პერსონალური რეკორდი დაამყარა და იმდენი მოახერხა, რომ კარიმ აბდულ-ჯაბარსაც გადაასწრო. „ტრეილ ბლეიზერსის“ წინააღმდეგ „გრიკ ფრიკმა“ პარკეტზე თითქმის 36 წუთი გაატარა და აქტივში სამმაგი დუბლი ჩაიწერა.

ანტეტოკოუნმპომ შეხვედრა 24 ქულით, 19 მოხსნითა და 15 ასისტით დაასრულა. 15 პასი ბერძენი კალათბურთელისთვის კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი გახლავთ. გარდა ამისა ანტეტოკოუნმპომ „მილუოკის“ მაისურით გაკეთებული შედეგიანი გადაცემების რაოდენობით კარიმ აბდულ-ჯაბარი ჩამოიტოვა და მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლა.

„გრიკ ფრიკის“ ანგარიშზე 2008 ასისტია, ლეგენდარულმა ცენტრმა კი „ბაქსის“ რიგებში 2007 პასი გააკეთა. იანისის მომდევნო ოპონენტი NBA-ის დიდების დარბაზის წევრი ოსკარ რობერტსონია, რომელიც თავს 2156 შედეგიანი გადაცემით იწონებს.

შეგახსენებთ, რომ „მილუოკიმ“ „პორტლენდი“ დამაჯერებლად დაამარცხა და მეტოქეს 137-129 სძლია. წლეულს „ბაქსს“ დიდი მიზნები აქვს და ლარი ობრაიენის სახელობის თასის დასაკუთრება სურს. „ხარირმები“ მიმდინარე სეზონს მშვენივრად ატარებენ და აღმოსავლეთ კონფერენციის პირველ ადგილზე იმყოფებიან. მაიკ ბუდენჰოლცერის გუნდს 6 შეხვედრაა არ წაუგია და წარმატებული სვლის გაგრძელებას „დეტროიტ პისტონსთან“ შეეცდება, რომელსაც 24 ნოემბერს საკუთარ კედლებში შეერკინება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები