თავმდაბალი მოურინიოს პირველი პრესკონფერენცია -
Aa
Aa

თავმდაბალი მოურინიოს პირველი პრესკონფერენცია - "ახალი ფეხბურთელები არ მჭირდება"

ჟოზე მოურინიომ "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი პრესკონფერენცია გამართა და ბევრი საინტერესო საკითხის შესახებ ისაუბრა.

კითხვას მიიღო თუ არა მან გაკვეთილი "მანჩესტერში" გატარებული პერიოდისგან, პორტუგალიელმა ასე უპასუხა: "ალბათ კი. ბოლო 11 თვე ფიქრისთვის და მოსამზადებლად გამოვიყენე. ვიცი რომ კარიერის განმავლობაში შეცდომები დავუშვი.

მე თავმდაბალი ადამიანი ვარ. იმდენად თავმდაბალი, რომ ვცდილობ ჩემი კარიერა გავაანალიზო. მხოლოდ შარშანდელს არ ვგულისხმობ, პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე ვსაუბრობ. ჩემი ანალიზის მთავარი პრინციპი გახლდათ ის, რომ სხვა არ დამედანაშაულებინა.

მე ყოველთვის თავმდაბალი ადამიანი ვიყავი. პრობლემა ისაა, რომ თქვენ ეს არ გესმოდათ. მე ყოველთვის ძალიან თავმდაბალი ადამიანი ვიყავი, მაგრამ ჩემებურად თავმდაბალი გახლდით".

ამის შემდეგ პორტუგალიელმა თავის კოლექტივზე ისაუბრა: "საუკეთესო საჩუქარი ის შემადგენლობაა, რომელიც დღესდღეობით "ტოტენჰემს" ჰყავს. ახალი ფეხბურთელები არ მჭირდება, უბრალოდ ისინი, ვინც აქ არიან უკეთ უნდა გავიცნო. ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ აქ მათ გამო მოვედი. სხვა კლუბებში ყოფნისას მათ გადაბირებას ვცდილობდი. ზოგიერთი მათგანის შეძენა არც კი მიცდია, რადგან ვიცოდი რამდენად რთული იქნებოდა "ტოტენჰემის" დაყოლიება".

მოურინიომ აქცენტი მის წინამორბედზე, მაურისიო პოჩეტინოზეც გააკეთა და აღნიშნა: "მინდა პოჩეტინოს მივულოცო, რომ ასეთი სამუშაო გასწია. ეს კლუბი ყოველთვის მისი სახლი იქნება. "ტოტენჰემის" სავარჯიშო ბაზა ყოველთვის მისი სავარჯიშო ბაზა იქნება. ამ კლუბის კარი პოჩეტინოსთვის ყოველთვის ღია იქნება".

ჟოზე არგენტინელი სპეციალისტის მიერ დამკვიდრებული სათამაშო სტილის შეცვლას და დაცვით ფეხბურთზე გადასვლას არ აპირებს: "ტოტენჰემი დაახლოებით ისე ითამაშებს, როგორც ადრე თამაშობდა. რა თქმა უნდა დეტალების დავამატებ და ზოგჯერ ამ დეტალებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. "ტოტენჰემის" სტილი კლუბის საფეხბურთო კულტურასა და გუნდში მოასპარეზე ფეხბურთელებს უნდა მოერგოს".

პორტუგალიელს რამდენიმე წლის წინ გაკეთებული განცხადების შესახებაც ჰკითხეს, რომელშიც მან აღნიშნა, რომ "ჩელსის" ქომაგებს პატივს სცემდა და ამის გამო "დეზებს" არასდროს გაწვრთნიდა.

"დიახ, მაგრამ ეს მანამ იყო, სანამ ჩელსიდან გამათავისუფლებდნენ. იმედი მაქვს "ტოტენჰემის" ჩემზე დიდი გულშემატკივარი არავინაა. "ჩელსი" კი წარსულში დარჩა".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები