''ჩვენ გვქონდა რწმენა და ვნახეთ ფეხბურთის სიყვარული'' - ცეცაძე სანქციის მოლოდინშია
Aa
Aa

''ჩვენ გვქონდა რწმენა და ვნახეთ ფეხბურთის სიყვარული'' - ცეცაძე სანქციის მოლოდინშია

საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროშესარჩევის გასულ ორ ტურში დასანანი ქულები დაკარგა. გია ცეცაძის მოთამაშეები სენსაციასთან ახლოს იყვნენ, ფრანგებთან ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრეს, თუმცა მატჩის მიწურულს საეჭვო ვითარებაში დანიშნული პენალტით დამარცხდნენ (იხილეთ).

ქართული ფეხბურთის ისტორიაში ძალიან იშვიათად დაფიქსირებულა მსგავსი რამ, როცა ქართველმა ფეხბურთელებმა მაღალი დონის გუნდთან ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრეს. გია ცეცაძე CrystalSport-თან საუბარში თამაშში დაბრუნების წინაპირობად მოთამაშეთა თავდაჯერებასა და თამაშისთვის კარგად მომზადებას თვლის:''უპირველესად ღმერთი მოგვეხმარა. ჩემს ფეხბურთელებს თავიანთი თავის სჯეროდათ, რწმენა ჰქონდათ, 1:0 იყო თუ 2:0 ფეხბურთელები ისე აგრძელებდნენ თამაშს, როგორც დავგეგმეთ. ასევე უნდა ითქვას, რომ ფრანგებმა არ მოგვცეს იმის საშუალება, რომ სათამაშო დისციპლინის მხრივ მაქსიმალურად კარგად გვეთამაშა და ისე გაგვეკეთებინა ჩვენი საქმე, როგორც გვინდოდა.

საბოლოოდ ყველაფერი ისე გამოვიდა, რომ დავმარცხდით, მაგრამ იმის მიზეზი რატომაც გუნდი ფსიქოლოგიურად არ გატყდა, ფეხბურთელების განწყობა და თამაშისთვის კარგად მომზადებაა. მიუხედავად ამისა ამ თამაშს ბევრი რამ დავაკელით საფეხბურთო დისციპლინის მხრივ, რისი მიზეზიც მეტოქის სიძლიერეა. სამწუხაროდ, არათუ ვერ მოვიგეთ, დავმარცხდით და საფრანგეთი უქულოდ დავტოვეთ.''

გია ცეცაძემ ფიზიკური მომზადების კუთხით ქართველ და ფრანგ ფეხბურთელებს შორის განსხვავებაზე ისაუბრა:'' ფიზიკური მომზადების კუთხით თითქმის ყველაფერში განსხვავებაა, მაგრამ ყველაზე დიდი სხვაობა ძალაშია. რაც ჩვენ შეგვიძლია აღვნიშნოთ, ეს არის ძალა და კონკრეტულ პოზიციაზე სისწრაფის განვითარება.

მოგეხსენებათ ფრანგებს საკმაოდ დიდი არჩევანი აქვთ,  ფიზიოლოგია მეცნიერების ნაწილია და მათ ფიზიკური განვითარების ძალიან მაღალი დონის სისტემები აქვთ. ამ კუთხით, ჩემი გადმოსახედიდან, საფრანგეთი ევროპული ქვეყნების სამეულშია ინგლისთან და გერმანიასთან ერთად. ამ მხრივ ფრანგები ძალიან წინ არიან.''

საფრანგეთთან მატჩისთვის გია ცეცაძემ გუნდი გერმანიაში მოამზადა. ქომაგებთან დაკავშირებით ქართველი სპეციალისტი საინტერესო ამბავს გვიყვება: ''ჩვენ ხომ არ ვართ გრანდი და საფრანგეთთან მატჩში 20 000-იანი ტევადობის სტადიონი სავსე იყო. გამიკვირდა, ეს ფეხბურთის სიყვარულს ნიშნავს. გარდა ამისა გერმანიაში შტუტგარტთან ახლოს შეკრება გავიარეთ, ხალხთან ურთიერთობა მქონდა და ქომაგებთან დაკავშირებით სასწაულ რაღაცებს მიყვებოდნენ, მეხუთე ლიგის გუნდის საშინაო შეხვედრებს 7 000-დან 12 000-მდე გულშემატკივარი ესწრება, ეს ფეხბურთის სიყვარულია.''

გია ცეცაძეს რანგით მეორე ლიგის ''თელავის'' ფეხბურთელის, გიორგი ბერიაშვილის შესახებ ვკითხეთ, რომელმაც მიმდინარე ევროშესარჩევის ხუთივე მატჩში ითამაშა:''მას ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამ აქვს დასახვეწი, მაგრამ ფაქტია, რომ პროგრესი აქვს. ვფიქრობ ბერიაშვილი იმედისმომცემი ფეხბურთელია. ცხადია სხვა ფეხბურთელებიც იმედისმომცემი არიან, მაგრამ რადგან ბერიაშვილზე მეკითხებით, ვფიქრობ პროგრესი აქვს და მგონია, რომ პროგრესს გააგრძელებს და მისი განვითარება არ შეჩერდება.''

''სენტ. ეტიენის'' შემტევის, არნაუდ ნორდინისა და გიორგი ბერიაშვილის ორთაბრძოლა

ქართველები საფრანგეთიდან სლოვაკეთში გაემგზავრნენ, სადაც ადგილობრივ ნაკრებთან იდენტური ანგარიშით დამარცხდნენ, თუმცა სლოვაკთა წარმატებას ხელი ლუკა ლოჩოშვილის გაძევებამ შეუწყო. მასპინძლებმა რიცხვობრივ უმცირესობაში მყოფი მეტოქის დამარცხება მოახერხეს. 

მატჩის მიწურულს არბიტრმა გია ცეცაძე მოედნიდან გააძევა, რადგან ქართველი სპეციალისტი სლოვაკთა ერთ-ერთ მწვრთნელს დაუპირისპირდა. ცეცაძის გაბრაზების მიზეზი იყო ის, რომ მეტოქის მწვრთნელმა გიორგი კუციას ჯერ იდაყვი ჩაარტყა, შემდეგ კი ფეხი დაუდო (იხილეთ).

გია ცეცაძე: ''არ ვიცი სანქცია რამდენად მძიმე იქნება, წარმოდგენა არ მაქვს, ეს უეფას კომპეტენციაა. ასეთი რამ პირველად შემემთხვა, რამდენჯერმე რომ ყოფილიყო მეცოდინებოდა. დაპირისპირება მათგან წამოვიდა, მეტოქის მწვრთნელმა კუციას ჯერ იდაყვი ჩაარტყა, შემდეგ კი ფეხი დაუდო და წააქცია. თამაშის შემდეგ მთავარი მსაჯის ოთახში შევედი და ბოდიში მოვუხადე, მაგრამ ჩემი ქმედების მიზეზი იყო ის, რომ ჩემი გუნდის ფეხბურთელს ასე მოექცნენ. თავიდან არ ვიცოდი თუ რა ხდებოდა, მაგრამ რომ გავიგე გავბრაზდი. ჩემი გაბრაზების საფუძველი ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგი არ ყოფილა. ისეთი ვითარება იყო, რომ აღნიშნული ეპიზოდი კამერას არ დაუფიქსირებია. ამ თამაშს ბევრი კამერა არ იღებდა.''

გია ცეცაძეს მიაჩნია, რომ მიმდინარე შესარჩევ ციკლში დაფიქსირებული შედეგი ერთმნიშვნელოვნად უარყოფითად უნდა შეფასდეს:''ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის გასულ ხუთ მატჩს საერთო ჯამში უარყოფითად შევაფასებ, რადგან ბოლო სამი თამაში დავთმეთ. პირველი ორი თამაში მოვიგეთ, თუმცა შემდეგი სამი თამაშიდან 1 ქულაც ვერ ავიღეთ, რაც ასი პროცენტით უარყოფითად უნდა შეფასდეს. შედეგს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ახალგაზრდული ნაკრები აღარ არის ბავშვთა ფეხბურთი. შესაძლოა ჩვენთან საკმაოდ ახალგაზრდები თამაშობენ, 18 და 19 წლის ბიჭები, მაგრამ ბავშვთა ფეხბურთი ნამდვილად აღარ არის, ამიტომ შედეგს დიდი მნიშვნელობა აქვს. მიმდინარე შესარჩევ ციკლში ნაჩვენები შედეგი უარყოფითად უნდა შეფასდეს.''

 

ევრო 2021-ის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებმა ლიხტენშტაინსა და აზერბაიჯანს სძლია, შემდეგ კი შვეიცარიასთან, საფრანგეთთან და სლოვაკეთთან დამარცხდა. ცეცაძის გუნდის ანგარიშზე 6 ქულაა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროშესარჩევის შემდეგ მატჩს 26 მარტს სლოვაკეთთან გამართავს. ქართველებს რევანშის აღების შესანიშნავი შესაძლებლობა ექნებათ.

მოამზადა დიმა შარიქაძემ

ფოტო: asnl.net

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები