Aa
Aa

"მწარედ დაიწყო და მწარედვე დასრულდა" - რობერტო მორენო ენრიკეს დაბრუნებით იმედგაცრუებულია

19 ნოემბერს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ლუის ენრიკე „ფურია როხას“ მთავარი მწვრთნელის პოსტს დაუბრუნდა.

ენრიკეს შემცვლელი 42 წლის რობერტო მორენო გადაწყვეტილებით იმედგაცრუებული დარჩა და ამ თემას წერილი მიუძღვნა.

 „მას შემდეგ, რაც 19 ნოემბერს მოხდა, თავს ვალდებულად ვთვლი, რომ გავაკეთო განცხადება. ამ თვეების განმავლობაში გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა მინდა ვთქვა და მთავარი მწვრთნელის პოსტს დავემშვიდობო.

ჩემი სინდისი სუფთაა. ყველას აზრს პატივს ვცემ. სიტყვის კაცი ვარ და ნათქვამი მქონდა, რომ თუ ლუის ენრიკე დაბრუნებას მოისურვებდა, მე რაიმე წინაღობას არ შევქმნიდი.

ენრიკეს ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ. მისი სიხარული ჩვენიც იქნება.

მადლობა ყველა მოთამაშეს ნდობისთვის. მე ვცდილობდი სამართლიანი და პირდაპირი ვყოფილიყავი.

იმედი მაქვს თქვენ იმის გამო მაფასებთ, რაც გავაკეთე და არა იმისთვის თუ ვინ ვარ მე.

ჩემი სამწვრთნელო კარიერა მწარედ დაიწყო და მწარედვე დასრულდა. მე წინ უნდა ვიყურო და ჩემს კარიერაში ახალი გამოწვევებისთვის მოვემზადო. მზად ვარ ახალი პროექტები მივიღო“.

ოჯახური პრობლემის გამო „ლუჩოს“ წასვლის შემდეგ, მორენო ესპანეთის ნაკრების დროებით მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, ეს მარტში მოხდა, ხოლო ივნისში ფედერაციამ მას სრულფასოვანი კონტრაქტი გაუფორმა და ერთი შეხედვით ევრო 2020-ზე გუნდი მის ხელში უნდა ყოფილიყო.

შვილის გარდაცვალების შემდეგ გამოწვეული ტკივილისა და მასთან გამკლავების შემდეგ, ენრიკე ნაკრებს დაუბრუნდა. ეს კი მოსალოდნელიც იყო, რადგან მორენო ამ ყველაფრისთვის წინასწარვე მზად იყო, თუმცა ის მაინც ნაწყენი დარჩა.

შეგახსენებთ, რომ მორენო ლუის ენრიკეს თანაშემწედ „რომაში“, „სელტაში“, „ბარსელონაში“ და ესპანეთის ნაკრებშიც მუშაობდა.

რობერტო მორენომ ესპანეთის ნაკრებთან ერთად მთავარი მწვრთნელის რანგში 9 მატჩი ჩაატარა და 7 გამარჯვებით დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები