NBA - კავაისა და ჯორჯის დუეტმა
Aa
Aa

NBA - კავაისა და ჯორჯის დუეტმა "ბოსტონს" სძლია - „სან ანტონიო“ კრიზისშია

"კლიპერსის" კალათბურთელებმა პოლ ჯორჯმა და კავაი ლეონარდმა ერთმანეთის მხარდამხარ პირველად იასპარეზეს. ლოს-ანჯელესელთა სუპერდუეტი აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერის, "ბოსტონ სელთიქსის" წინააღმდეგ ამოქმედდა და მეტოქის დასამარცხებლად ოვერტაიმი დასჭირდა.

მატჩის პერიპეტიებიდან გამომდინარე დამატებითი ხუთწუთეული დიდი მოულოდნელობა არ ყოფილა. შეხვედრა ქულა ქულაში წარიმართა და საფინალო სირენის შემდეგ ანგარიში თანაბარი გახლდათ - 97-97. ოვერტაიმში პირველი ქულები „კელტებმა“ აიღეს, თუმცა „კლიპერსმა“ მიზანს მაინც მიაღწია და 107-104 იმარჯვა.

უცნაურია მაგრამ ლოს-ანჯელესელთა რიგებში საუკეთესო არც ჯორჯი და არც ლეონარდი ყოფილა. დოკ რივერსის გუნდს 27 ქულით ლუ უილიამსმა ულიდერა. ზემოთ ხსენებულმა დუეტმა კი ჯამში 42 ქულა მიითვალა.

„ბოსტონის“ მხრიდან 30 ქულით ჯეისონ ტეიტუმი გამოირჩა. მარკუს სმარტმა თავი 15 ქულას მოუყარა, ხოლო კემბა უოკერი 13 ქულას დასჯერდა. აღსანიშნავია, რომ სმარტმა და უოკერმა ჯამში 37-ჯერ ისროლეს და მხოლოდ 11 ბურთი ჩააგდეს.

***

„სან ანტონიო სპურსს“ ისტორიულად ცუდი პერიოდი უდგას. გამთენიისას ტეხასელებმა მიჯრით მეშვიდე შეხვედრა წააგეს, რაც გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე გრეგ პოპოვიჩის ყოფნისას პირველად მოხდა.

„სან ანტონიო“ ამჯერად საკმაოდ სუსტ „ვაშინგტონ უიზარდსთან“ დამარცხდა და თანაც ისე, რომ მეტოქეს 138 ქულა ჩააგდებინა!

„ჯადოქრებს“ 33 ქულით ბრედლი ბილმა ულიდერა. იშ სმიტი და დავის ბერტანსი 21-21 ქულით გამოირჩნენ. რუი ჰაჩიმურამ კი აქტივში 15 ქულა ჩაიწერა.

„სპურსის“ მხრიდან 31 ქულით დემარ დეროუზენი გამოირჩა. ბრინ ფორბსმა მატჩი 19 ქულით დაასრულა. რუდი გეიმ 18 ქულა დააგროვა, ხოლო პატი მილსმა თავი 16 ქულას მოუყარა.

ფილადელფია - ნიუ იორკი 109 – 104

ატლანტა - მილუოკი 127 – 135

ბრუკლინი - შარლოტი 101 – 91

დალასი - გოლდენ სტეიტი 142 – 94

მაიამი - კლივლენდი 124 – 100

ტორონტო - ორლანდო 113 – 97

ჩიკაგო - დეტროიტი 109 – 89

მინესოტა - იუტა 95 – 103

დენვერი - ჰიუსტონი 105 - 95

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები