Aa
Aa

შენგელიას 22 ქულა და "ბასკონიას" მნიშვნელოვანი გამარჯვება ფავორიტთან

თორნიკე შენგელიას "ბასკონია" ევროლიგის მეცხრე ტურში გათამაშების ერთ-ერთ ფავორიტს, მოსკოვის ცსკა-ს დაუპირისპირდა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

ვიტორიელებმა მატჩი კარგად დაიწყეს, შეტევაში მშვენივრად გამოიყურებოდნენ და პირველი მეოთხედი 24-19 მოიგეს. მეორე ათწუთეულში მოსკოველებმა ორი ქულით იმარჯვეს და "ბასკონია" დიდ შესვენებაზე 3 ქულიანი ჰანდიკაპით გავიდა.

მესამე მეოთხედში ორივე გუნდმა 17-17 ქულა დააგროვა და როგორც მოსალოდნელი იყო ყველაფერი ბოლო პერიოდში გადაწყდა. გადამწყვეტი მეოთხედის სტარტზე უპირატესობას მოსკოველები დაეუფლნენ და 3 ქულით წინაც გავიდნენ, თუმცა "ბასკონიამ" მაქსიმუმი გააკეთა, თამაში შემოაბრუნა და საბოლოოდ 80 - 70 იმარჯვა.

ცსკა-სთან თოკომ შესანიშნავად იასპარეზა და ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო. შენგელიამ პარკეტზე 32:10 წუთი გაატარა და აქტივში 22 ქულა, 6 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა ჩაიწერა. "თოკომოტივმა" 8-დან 5 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. ქართველმა მძიმე ფორვარდმა ბურთი ხუთჯერ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

 

შენგელიას გარდა "ბასკონიას" რიგებში 12 ქულით ლუკა ვილდოსა გამოირჩა. ნიკ სტაუსკასმა 11 ქულა მიითვალა, ხოლო მეტ ჯენინგი 7 ქულას დასჯერდა.

ცსკა-ს დამარცხების შემდეგ "ბასკონიას" 4 მოგება და 5 წაგება აქვს და ევროლიგის სატურნირო ცხრილის მეათე პოზიციაზე იმყოფება. "თოკომოტივის" გუნდი მომდევნო შეხვედრას კვლავ საკუთარ კედლებში გამართავს და 23 ნოემბერს "ზენიტს" დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები