მოურინიო 2015 წელს:
Aa
Aa
20 ნოემბერი 2019  |  14:23

მოურინიო 2015 წელს: "ტოტენჰემის გაწვრთნას ვერ დავთანხმდებოდი, რადგან"...

56 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი, ჟოზე მოურინიო „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი გახდა. არადა 2015 წელს ამბობდა, რომ „ჩელსის“ გულშემატკივრებს დიდ პატივს სცემდა და ამიტომ „ტოტენჰემს“ ვერასდროს გაწვრთნიდა.

პორტუგალიელმა, რომელმაც „სტემფორდ ბრიჯზე“ რამდენიმე სეზონი გაატარა „დეზების“ თავკაცის პოსტი დღეს დილით ჩაიბარა და გუნდს საკუთარი მომავალი 2023 წლამდე დაუკავშირა. „ტოტენჰემის“ პრეზიდენტი, დანიელ ლევი „განსაკუთრებულის“ დანიშვნით გახარებულია და დარწმუნებულია, რომ „მოუ“ მის გუნდს ტიტულებს მოუტანს.

„დეზების“ პირველ პირს ჟოზეს გადაბირება რამდენიმე წლის წინაც სურდა... 2007 წელს, როცა მოურინიომ „ჩელსისთან“ კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა, ლევიმ მისი დაყოლიება სცადა. „ლურჯებთან“ დადებული ხელშეკრულების ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, „მოუს“ ინგლისში მუშაობა 2009 წლამდე აკრძალული ჰქონდა, თუმცა ლევი ამას არ შეუშინდა. მას პორტუგალიელი სპეციალისტის გადაბირება ისე უნდოდა, რომ „არისტოკრატებს“ დაუკავშირდა და მათ ხსენებული პუნქტის დარღვევის სანაცვლოდ კომპენსაცია შესთავაზა.

მოგვიანებით, როცა ჟოზეს ჰკითხეს მიიღო თუ არა 2007 წელს „დეზებისგან“ შეთავაზება, მოუმ განაცხადა: „დიახ, მაგრამ "ტოტენჰემში" ვერ წავიდოდი. ორი წლის განმავლობაში ინგლისური გუნდის გაწვრთნის უფლება არ მქონდა. ტოტენჰემის“ გაწვრთნას ვერ დავთანხმდებოდი, რადგან „ჩელსის“ ქომაგები ძალიან მიყვარს“.

როგორც ჩანს დროის გასვლასთან ერთად მოურინიოს დამოკიდებულება შეიცვალა. რამდენიმე საათის წინ პორტუგალიელმა „ლურჯების“ მოსისხლე მტერი ჩაიბარა და 22 დეკემბერს „არისტოკრატების“ დამარცხებასაც შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები