NBA - ლებრონის ისტორიული მატჩი - კარმელო NBA-ს დაუბრუნდა
Aa
Aa

NBA - ლებრონის ისტორიული მატჩი - კარმელო NBA-ს დაუბრუნდა

ლეიკერსი - ოკლაჰომა - 112 – 107

ლოს-ანჯელეს „ლეიკერსი“ დასავლეთ კონფერენციის პირველ ადგილს იკავებს და ოპონენტებს ფრენკ ვოგელის გუნდის შეჩერება ძალიან უჭირთ. ლებრონ ჯეიმსმა და კომპანიამ ამჯერად „ოკლაჰომა სითი თანდერი“ დაამარცხა.

„ლეიკერსი“ „ოქეისის“ საკუთარ კედლებში დაუპირისპირდა და ხუთი ქულით სძლია, თუმცა აღსანიშნავია, რომ „თანდერი“ მთელი შეხვედრის განმავლობაში მდევრის როლში იყო.

„ოკლაჰომასთან“ ჯახი „მეფესთვის“ განსაკუთრებული გამოდგა. ლებრონმა სამმაგი დუბლი გაიფორმა და პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც სამმაგი დუბლი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ყველა გუნდის წინააღმდეგ მიითვალა.

ჯეიმსმა „ოკლაჰომასთან“ შეხვედრა 25 ქულით, 11 მოხსნითა და 10 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. ლებრონის გარდა 34 ქულით ენტონი დევისი გამოირჩა, ხოლო კენტავიუს კალდუელ-პოუპმა აქტივში 13 ქულა ჩაიწერა.

„ოკლაჰომას“ 31 ქულით დენის შროდერმა ულიდერა. დანილო გალინარიმ გუნდს 25 ქულა შესძინა. ნერლენს ნოელი კი 15 ქულას დასჯერდა.

ნიუ ორლეანი - პორტლენდი 115 – 104

„პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი“ საშინელ ფორმაში იმყოფება და გუნდს ვერც NBA-ში ახლად დაბრუნებულმა კარმელო ენტონიმ უშველა. ამ უკანასკნელმა რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პირველი შეხვედრა ჩაატარა და თავი 10 ქულით დაგვამახსოვრა. პრობლემა ისაა, რომ „მელომ“ 14-დან მხოლოდ 4 ბურთი ჩააგდო, 5 პერსონალური ფოლი მიიღო და ბურთი ამდენჯერვე დაკარგა.

„პელიკანსის“ წარმატება ჯრუ ჰოლიდეის, ბრენდონ ინგრემისა და ჯეი ჯეი რედიკის ტრიოს დამსახურება გახლდათ, რომელმაც ჯამში 61 ქულა მიითვალა. სათადარიგოთა სკამიდან შესულმა ნიკოლო მელიმ და ეტუან მურმა 14 და 11 ქულა დააგროვეს.

დემიენ ლილარდის გარეშე მოასპარეზე „ტრეილ ბლეიზერსს“ 22 ქულით სი ჯეი მაკკოლუმმა ულიდერა. ჰასან უაითსაიდმა 14 ქულა და ამდენივე მოხსნა გაიფორმა. ანფერნი სიმონსი კი 13 ქულას დასჯერდა.

მემფისი - გოლდენ სტეიტი 95 – 114

საკრამენტო - ფინიქსი 120 - 116

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები