ოფიციალურად: მოურინიო
Aa
Aa
20 ნოემბერი 2019  |  10:47

ოფიციალურად: მოურინიო "ტოტენჰემის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა!

ლონდონის "ტოტენჰემის" ოფიციალური საიტის ინფორმაციით, კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჟოზე მოურინიო დაინიშნა. პორტუგალიელი სპეციალისტი "დეზებს" 2023 წლის ზაფხულამდე უხელმძღვანელებს.

"გუნდის აკადემიისა და ფეხბურთელების ხარისხი ძალიან მომწონს და მოტივაციას მმატებს. კლუბში მოსვლით ბედნიერი და აღფრთოვანებული ვარ. აქ არაჩვეულებრივი გარემოა, "ტოტენჰემს" ბრწყინვალე გულშემატკივრები ჰყავს". - ჟოზე მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.

ლონდონელებმა მაურისიო პოჩეტინოს დათხოვნის შესახებ გუშინ საღამოს გამოაცხადეს, დღეს დილით კი მთავარ მწვრთნელად მოურინიო წარადგინეს. ბრიტანული პრესა სპეციალურ პრესკონფერენციას უახლოეს საათებში ელის.

ჟოზე მოურინიო ბოლოს "მანჩესტერ იუნაიტედში" მუშაობდა, რომლიდანაც 2018 წლის დეკემბერში გაათავისუფლეს. "ტოტენჰემი" მისთვის რიგით მე-3 ინგლისური კლუბი იქნება - 2004-07 და 2013-15 წლებში "ჩელსის" წვრთნიდა, 2016-18 წლებში კი სწორედ "იუნაიტედს" ავარჯიშებდა.

პოჩეტინო "დეზებს" 2014 წლიდან ხელმძღვანელობდა და გუნდი გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა. თუმცა, მიმდინარე სეზონში ჩრდილო ლონდონელები ცუდად გამოიყურებიან და პრემიერ ლიგის მე-14 ადგილზე იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები