ვაისი:
Aa
Aa

ვაისი: "თამაშს ვაკონტროლებდით, მაგრამ ორი გოლი გავუშვით და დავმარცხდით"

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წლის ბოლო შეხვედრა, პულაში, ხორვატიის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და 1:2 დამარცხდა.

„ჯვაროსნები“ მატჩის მე-18 წუთზე გიორგი პაპუნაშვილმა დააწინაურა, რასაც მალევე გურამ კაშიას ავტოგოლი, მატჩის მეორე ტაიმში კი ივან პერიშიჩის გამარჯვების გოლი მოჰყვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ვლადიმირ ვაისმა აღნიშნა, რომ თამაშს მისი გუნდი აკონტროლებდა, თუმცა საბოლოო შედეგს ვერ მიაღწია. სლოვაკი სპეციალისტის თქმით, გუშინდელ მატჩში ჩვენს ნაკრებს შეტევაში გამოცდილება და ხარისხი დააკლდა.

"საინტერესო ამხანაგური შეხვედრა გამოვიდა, მაღალი დონის მეტოქე გვყავდა. ხორვატიას ბევრი ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშე ჰყავს, რომლებიც უმაღლესი ხარისხის ფეხბურთს თამაშობენ. თამაში კარგად დავიწყეთ, გოლიც გავიტანეთ, თამაშსაც ვაკონტროლებდით, მაგრამ ორი გოლი გავუშვით და დავმარცხდით.

პირველ ნახევარში ჯიღაურს ჰქონდა გოლის გატანის 100 პროცენტიანი შანსი, 2-3 მომენტი მეორე ტაიმშიც გვქონდა, მაგრამ ვერ გავიტანეთ და ხორვატიამ 2:1 მოიგო. ვფიქრობ, რომ შეტევაში ცოტა გამოცდილება და ხარისხი დაგვაკლდა და ამიტომ დავმარცხდით".

საქართველოს ნაკრებმა 2019 წელს 10 მატჩი გამართა, რომელთაგანაც მხოლოდ 2 მოიგო და ორივე გიბრალტარის ნაკრებთან. ვაისის გუნდმა ფრეები სამხრეთ კორეასთან, დანიასთან და ირლანდიასთან ითამაშა, დანარჩენ 5 შეხვედრაში კი დამარცხდა.

„ჯვაროსნები“ ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩისთვის მოემზადებიან, რომელიც მომავალი წლის 26 მარტს, ჩვენს ქვეყანაში გაიმართება - მეტოქე ბელარუსის ნაკრებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები