ოფიციალურად: ''ტოტენჰემმა'' პოჩეტინო დაითხოვა!
Aa
Aa
19 ნოემბერი 2019  |  23:46

ოფიციალურად: ''ტოტენჰემმა'' პოჩეტინო დაითხოვა!

არგენტინელმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია ლონდონური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

სამხრეთამერიკელმა სპეციალისტმა ჩრდილოლონდონურ კლუბში ხუთწელიწადნახევარი იმუშავა. გასულ სეზონში მისი ხელმძღვანელობით ლონდონური გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც იურგენ კლოპის ''ლივერპულთან'' დამარცხდა.

''ტოტენჰემში'' მისვლამდე პოჩეტინიო ''ესპანიოლსა'' და ''საუთჰემპტონს'' ხელმძღვანელობდა. ''დეზებს'' 2014 წლიდან წვრთნიდა და პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელად სამჯერ დასახელდა. მისი ფორმაციის ''ტოტენჰემი'' ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ჩემპიონთა ლიგაზე რეგულარულად ასპარეზობდა, გასულ სეზონში კი ტრიუმფამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა.

მიმდინარე სეზონში ''ტოტენჰემი'' არასტაბილურად ასპარეზობდა და ბოლო პერიოდში პოჩეტინოს წასვლას ბრიტანული მედია ვარაუდობდა.

პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ''ტოტენჰემმა'' 12 ტურში მხოლოდ 14 ქულა მოაგროვა და მე-14 ადგილზეა. პრემიერ ლიგის უკანასკნელი ხუთი შეხვედრიდან ლონდონურმა გუნდმა 3 ფრედ დაასრულა და 2 დათმო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები