Aa
Aa

NBA-მ ჰარდენი და ვუჩევიჩი გამოარჩია

NBA-ის მიმდინარე სეზონის მეოთხე კვირის საუკეთესო მოთამაშეებად „ჰიუსტონ როქეთსის“ მსროლელი მცველი, ჯეიმს ჰარდენი და „ორლანდო მეჯიქის“ მძიმე ფორვარდი, ნიკოლა ვუჩევიჩი დაასახელეს.

ჰარდენის საოცარი თამაშის წყალობით „ჰიუსტონმა“ 4-დან 4 თამაში მოიგო და „პელიკანსი“, „კლიპერსი“, „პეისერსი“ და „ტიმბერვულვზი“ დაამარცხა. „წვერა“ ოთხივე მატჩში შეუდარებელი იყო და საშუალოდ 44.8 ქულას, 6.8 შედეგიან გადაცემას და 5.8 მოხსნას აგროვებდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ პერიოდში ჰარდენი სროლების 58.6 პროცენტს აგდებდა.

რაც შეეხება აღმოსავლეთ კონფერენციის საუკეთესო მოთამაშეს, ნიკოლა ვუჩევიჩმა გასული სამი დაპირისპირება უმაღლეს დონეზე ჩაატარა და სამივე შეხვედრაში ორმაგი დუბლი მიითვალა.

„ფილადელფიასთან“ მონტენეგროელმა კალათბურთელმა 25 ქულა და 12 მოხსნა დააგროვა. „სან ანტონიოსთან“ 10 ქულასა და 13 მოხსნას დასჯერდა, ხოლო „ვაშინგტონის“ წინააღმდეგ აქტივში 30 ქულა, 17 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები