ვაისი:''გვსურს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან ხარისხიანი ფეხბურთი ვაჩვენოთ''
Aa
Aa
19 ნოემბერი 2019  |  10:14

ვაისი:''გვსურს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან ხარისხიანი ფეხბურთი ვაჩვენოთ''

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, 2019 წლის ბოლო შეხვედრაში ხორვატიას დაუპირისპირდება. ვლადიმირ ვაისის გუნდმა, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან ამხანაგურ შეხვედრამდე ბოლო ვარჯიში ქალაქ პულაში მდებარე საფეხბურთო კლუბ ისტრას სტადიონზე გამართა. საწვრთნელ პროცესში, რომელიც კვლავ ძლიერი წვიმის ფონზე წარიმართა, 22 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ ხორვატიაში გამართულ ვარჯიშზე ფეხის ტრავმა მიიღო და მომდევნო ამხანაგურ შეხვედრაში ვერ ითამაშებს.

საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე, ვლადიმირ ვაისმა და ვაკო გვილიამ მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხეს.

ვლადიმირ ვაისი: "ჩვენ, არა მხოლოდ ევროპის, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით. ხორვატიას ძალიან კარგი ახალგაზრდა მწვრთნელი ჰყავს. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მან ძალიან დიდი გამოცდილება დააგროვა. საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრაში მარცხის შემდეგ, ხვალინდელ მატჩში კარგი და ხარისხიანი ფეხბურთის ჩვენება გვსურს. ვფიქრობ, რომ შვეიცარიის წინააღმდეგ მინიმუმ ერთი ქულის მოპოვება შეგვეძლო. ხვალინდელ შემადგენლობაში გარკვეულ ცვლილებებს განვახორციელებთ და შანსი ასევე მიეცემათ, იმ მოთამაშეებს, რომლებიც ამ შესარჩევ ეტაპზე სათადარიგოთა შორის იყვნენ.

რა თქმა უნდა, ხორვატიისა და სლოვაკეთის ორივე შეხვედრას ვუყურე. სლოვაკეთმა პირველ ნახევარში კარგად ითამაშა, მაგრამ მეორე ტაიმში ხორვატებმა თამაში გამოასწორეს და გაიმარჯვეს. ხორვატებს უმაღლესი კლასის ფეხბურთელები ჰყავთ. მათ ბოლო შეხვედრაში საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი დააკლდათ, მაგრამ მაინც უმაღლეს დონეზე ითამაშეს. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ ხორვატიას არამხოლოდ ევროპაში, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ჰყავს."

ვაკო გვილია: "პირველ რიგში, მსურს, რომ ხორვატიას ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მივულოცო. ჩვენი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ერთმანეთს ევრო 2020-ზე შევხვდეთ. ამის შანსი მარტში მოგვეცემა, როდესაც ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელარუსს დავუპირისპირდებით. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ეს უნიკალური შანსი იქნება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამ მიზნის მისაღწევად.

ხვალ წლის ბოლო შეხვედრას გავმართავთ, როგორც მწვრთნელმა აღნიშნა, ხორვატია მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, მაგრამ არ გვეშინია და გვსურს, რომ ჩვენი ხარისხი და ხასიათი ვაჩვენოთ. იმედი მაქვს, რომ წელს წარმატებული თამაშით დავასრულებთ და გულშემატკივარს გავახარებთ."

ლევან შენგელია: "ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ერთა ლიგის ნახევარფინალისთვის მოვემზადოთ. ხორვატიის მატჩს სწორედ ბელარუსის წინააღმდეგ მოსამზადებლად გამოვიყენებთ, მაქსიმალურად შევეცდებით, რომ შეტევაში და დაცვაში კარგად ვიმოქმედოთ. ხორვატიის დონის ნაკრების წინააღმდეგ თამაში ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კარგი თამაში ვაჩვენოთ."

ოთარ კიტეიშვილი: "შვეიცარიის წინააღდეგ ძალიან დასანანი მარცხი განვიცადეთ. ვთვლი, რომ ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ, თუმცა ერთ მომენტში შეუთანხმებელი თამაშის გამო გოლი მივიღეთ.  ხორვატიის წინააღმდეგ მარტის თამაშებამდე ბოლო მატჩს გავმართავთ. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს შეხვედრა ერთა ლიგის ნახევარფინალისთვის მოსამზადებლად მაქსიმალურად გამოვიყენოთ."

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ხორვატიის წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი), გიორგი რეხვიაშვილი (საბურთალო, თბილისი) 

ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი,ყაზახეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი), ბაჩანა არაბული (პანიონისი, საბერძნეთი)

ხორვატიისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა ამხანაგური მატჩი ქალაქ პულაში, თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება. 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები