უმნიშვნელოვანესი მატჩი სლოვაკეთში - 21-წლამდელები ნიტრაში დაბინავდნენ
Aa
Aa

უმნიშვნელოვანესი მატჩი სლოვაკეთში - 21-წლამდელები ნიტრაში დაბინავდნენ

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები "ევრო 2021"-ის შესარჩევი ეტაპის მე-5 ტურის მატჩისთვის ემზადება. გია ცეცაძის გუნდი სლოვაკეთის ქალაქ ნიტრაში იმყოფება და ადგილობრივ 21-წლამდელებთან სათამაშოდ დასკვნით მზადებას გადის.

"პატარა ჯვაროსნებმა" გუშინ სრული დატვირთვით ივარჯიშეს და შეკრებაზე მყოფი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა. სრული შემადგენლობა ასეთია: 

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (გრანადა, ესპანეთი), დემეტრე ბულისკერია (ლოკომოტივი), გიორგი მამარდაშვილი (რუსთავი);

მცველები: ილია ბერიაშვილი (თელავი), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (ლოკომოტივი), ლუკა ლოჩოშვილი (ჟილინა, სლოვაკეთი), ვაჟა ფაცაცია (დინამო ბთ), დავით კობოური (დინამო თბ), ლაშა უგრეხელიძე (სიონი), ნიკა მალი (საბურთალო), ვახტანგ ნებიერიძე (ტორპედო);

ნახევარმცველები: იური ტაბატაძე (საბურთალო), ლუკა სილაგაძე (რუსთავი), ნიკა ნინუა (დინამო თბ), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), გიორგი კუცია (დილა), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), რატი არდაზიშვილი (ჩიხურა), ზურიკო დავითაშვილი (რუბინი, რუსეთი);

თავდამსხმელები: ბექა ქავთარაძე (რუსთავი), ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა), ირაკლი ბუღრიძე (ბეერსხოტი, ბელგია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, რუსეთი).

ცეცაძის გუნდს ეროვნული ნაკრებიდან ზურიკო დავითაშვილი შეუერთდა, რომელმაც გუშინდელ ვარჯიშში მონაწილეობაც მიიღო. 

"პატარა ჯვაროსნებმა" 3 დღის წინ საფრანგეთში დასანანი მარცხი განიცადეს. მათ ფრანგებს 0:2-დან ანგარიში გაუთანაბრეს, თუმცა ბოლო წუთებზე გაშვებული პენალტით, 2:3 დამარცხდნენ.

 

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს საკვალიფიკაციო ეტაპის 4 მატჩში 6 ქულა აქვს და მე-3 ადგილზე იმყოფება - მხოლოდ 9-ქულიან საფრანგეთსა და შვეიცარიას ჩამორჩება, რომლებიც ხვალ ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშებენ.

ცეცაძის გუნდს საკმაოდ ხელსაყრელი კალენდარი აქვს და დღევანდელი შეხვედრის შედეგი ძალიან მნიშვნელოვანია. თუკი ქართველები სლოვაკეთში გამარჯვებას მოიპოვებენ, დარჩენილი 5 ტურში, თუნდაც მეორე ადგილისთვის ბრძოლა სრულიად რეალური იქნება. საფრანგეთს, შვეიცარიას, სლოვაკეთსა და აზერბაიჯანს საკუთარ არენაზე უნდა ვუმასპინძლოთ, გასვლითი თამაში კი მხოლოდ ლიხტენშტეინთანაა.

შესარჩევ ეტაპზე მონაწილე გუნდები 9 ჯგუფში არიან განაწილებული, პირველადგილოსნები და ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი ევროპის ჩემპიონატის პირდაპირ საგზურს მიიღებს, დანარჩენი 8 მეორეადგილოსანი კი 2020 წლის ნოემბერში, ფლეი-ოფს გასვლა-სახლის პრინციპით ითამაშებს.

სლოვაკეთისა და საქართველოს 21-წლამდე ნაკრებთა მატჩი დღეს, თბილისის დროით 21:00 საათიდან, ნიტრაში, არენა "პოდ ზობორომიზე" გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველ არხზე ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები