Aa
Aa

მოქმედი ჩემპიონი "ევრო 2020"-ზეა! - მძიმე გამარჯვება "კარტოფილის მინდორზე"

„ევრო 2020“-ის შესარჩევი ეტაპის გუშინდელი სათამაშო დღის შემდეგ ფინალურ სტადიაზე გასული კიდევ ერთი გუნდი გაირკვა. ლუქსემბურგის ნაკრებთან სტუმრად გამარჯვების შემდეგ აღნიშნული საგზური პორტუგალიამ მოიპოვა.

ფერნანდო სანტუშის ბიჭებმა ბრუნო ფერნანდეშისა და კრიშტიანუ რონალდუს გოლებით 2:0 იმარჯვეს და ჯგუფური ეტაპი, უკრაინის შემდეგ, მე-2 ადგილზე დაასრულეს.

პორტუგალიის ნაკრებმა ისტორიაში მე-300 თამაში მოიგო და ძალიან საინტერესოა, რომ მე-100 და მე-200 გამარჯვებაც გუნდს სწორედ ლუქსემბურგთან ჰქონდა მოპოვებული.

კრიშტიანუ რონალდუმ ეროვნულ გუნდში 99-ე გოლი შეაგდო და ირანელ ალი დაეის სანაკრებო გოლების რეკორდს 10 ბურთით ჩამორჩება. კრიშტიანუს 2019 ნაკრებში საუკეთესო წელი გამოუვიდა და 10 მატჩში 14 გოლი შეაგდო. აქამდე მისთვის გამორჩეული 2016 წელი გახლდათ, როცა 13 თამაშში 13 გოლი გაიტანა.

34 წლის სუპერვარსკვლავმა მატჩის შემდეგ პრესასთან კომენტარი გააკეთა, საკუთარ გუნდს წარმატება მიულოცა და ლუქსემბურგელთა საშინაო არენას „კარტოფილის მინდორი“ უწოდა.

„ბედნიერი ვარ ევროპის ჩემპიონატზე გასვლით და ჩემს გუნდს ამ წარმატებას ვულოცავ. პირადად ჩემთვის ეს მე-5 ევროპირველობა იქნება და მიხარია, რომ იქ გასვლაში წვლილი გოლითაც შევიტანე.

ასეთი ტიპის მოედანზე თამაში რთულია, ეს კარტოფილის მინდორი იყო. არ ვიცი, რამდენად შეიძლება, რომ ასეთი დონის მატჩი მსგავს მოედანზე ჩატარდეს. ჩვენი თამაში ლამაზი ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა შედეგს მივაღწიეთ. ასეთ მოედანზე თამაში მოგვიწია და ჩვენთვის პრიორიტეტი სწორედ საბოლოო რეზულტატი იყო“.

პორტუგალიის ნაკრებმა დიდ საფეხბურთო ფორუმზე თამაშის უფლება ზედიზედ მე-11-ედ მოიპოვა. პირენეელები „ევრო 2020“-ზე მოქმედი ჩემპიონების რანგში ჩადიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები