Aa
Aa

ბრაზილიის გრან პრი ფერსტაპენის გამარჯვებით დასრულდა

ფორმულა ერთის მორიგი გრან პრი, რომელსაც ბრაზილიამ უმასპინძლა მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ. სან პაულუში გამართულ რბოლაში იყო დრამა, დაძაბულობა და რაც მთავარია - სანახაობა.

გათამაშების გამარჯვებული „რედ ბულის“ პილოტი, მაქს ფერსტაპენი გახდა. ჰოლანდიელმა ახალგაზრდამ რბოლა პირველი პოზიციიდან დაიწყო, თუმცა მიზნის მისაღწევად ლუის ჰემილტონისთვის ორჯერ გასწრება და რობერტ კუბიცასთან შეჯახების თავიდან არიდება მოუწია.

ყველასთვის მოულოდნელად მეორე ადგილზე „ტორო როსოს“ პილოტი, პიერ გასლი გავიდა. მიმდინარე სეზონის ტრიუმფატორმა, ლუის ჰემილტონმა ფინიშის ხაზი მესამემ გადაკვეთა, თუმცა 5 წამიანი ჯარიმის გამო მეშვიდე პოზიციაზე აღმოჩნდა. ბრიტანელმა წესები ალექსანდრ ალბონის წინააღმდეგ დაარღვია, რომელიც თავისთვის ისტორიულ შედეგთან და პირველ პოდიუმთან ძალიან ახლოს იყო. აღსანიშნავია, რომ რბოლის შემდეგ ჰემილტონმა კოლეგას საჯაროდ მოუბოდიშა.

ბრაზილიის გრან პრის მთავარი მოვლენა ფინიშამდე ხუთი წრით ადრე ვიხილეთ. „ფერარის“ პილოტმა, შარლ ლეკლერმა, თანაგუნდელ სებასტიან ფეტელს გადაასწრო. გერმანელი ამან ძალიან გაანაწყენა და დაკარგული პოზიციის დაბრუნება სცადა, თუმცა ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ორივე ბოლიდი დაზიანდა და რბოლის გაგრძელება „სკუდერიას“ ვერცერთმა პილოტმა შეძლო.

იტალიური საჯინიბოს პრობლემებითა და ლუის ჰემილტონის შეცდომით კარლოს საინსმა ისარგებლა და მესამე ადგილზე გავიდა. მეხუთე პოზიცია კიმი რაიკონენმა დაიკავა, ხოლო ანტონიო ჯოვანაცი მეხუთე ადგილს დასჯერდა.

შეგახსენებთ, რომ ფორმულა ერთის წლევანდელი სეზონი 1 დეკემბერს, აბუ დაბიში გასამართი გრან პრით დასრულდება.

ცხელი ამბები