''არ მახსოვს ჩვენს სასარგებლოდ ასეთი პენალტი დაედოთ'' - არველაძე საფრანგეთთან მატჩზე
Aa
Aa

''არ მახსოვს ჩვენს სასარგებლოდ ასეთი პენალტი დაედოთ'' - არველაძე საფრანგეთთან მატჩზე

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საფრანგეთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა საქართველოს 3:2 სძლია. მასპინძლებმა გამარჯვების გოლი მატჩის მიწურულს საეჭვო ეპიზოდში დანიშნული პენალტის წყალობით გაიტანეს. ამასთან დაკავშირებით ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა არჩილ არველაძემ ტელეკომპანია ''იმედის'' ეთერში ისაუბრა.

არჩილ არველაძე:''ძალიან გულდასაწყვეტია მატჩის დამატებულ წუთებში გოლის გაშვება. ეს მწვრთნელისთვის კატასტროფაა,  ფეხბურთელებისთვის ასეთ თამაშზე საუბარი ძალიან რთულია. მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ მსაჯის გადაწყვეტილებაზე არ ისაუბრა.

ვფიქრობ ლოჩოშვილი მეტოქეს ორივე ხელით რომ არ მოხვეოდა, არბიტრს პენალტის დადება გაუჭირდებოდა, თუმცა ზოგადად ასეთ შემთხვევაში თერთმეტმეტრიანს არ ნიშნავენ ხოლმე.

ვერ ვხვდები, ჩვენს სასარგებლოდ ასეთი პენალტი არასდროს დაუნიშნავთ. მახსოვს ანალოგიური შემთხვევა ეროვნულ ნაკრებში თამაშისას იყო, როცა უნგრეთთან გასვლით მატჩში კუთხურისას არბიტრმა ჩვენი კარის მიმართულებით პენალტი დანიშნა.

ზოგადად ქართველებს ძალიან გვიჭირს 2:0-ის შემდეგ თამაშის შემოტრიალება, თუმცა ეს მოვახერხეთ.''

 მიმდინარე შესარჩევ ციკლში გია ცეცაძის გუნდის ანგარიშზე 6 ქულაა, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ლიხტენშტაინი და აზერბაიჯანი დაამარცხა, თუმცა შვეიცარიასთან და საფრანგეთთან გასვლით შეხვედრებში დამარცხდა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შემდეგ მატჩს 18 ნოემბერს სტუმრად სლოვაკეთთან გამართავს. აღნიშნულ მატჩში ცეცაძის გუნდს ზურიკო დავითაშვილი დაეხმარება, რომელმაც ეროვნულ გუნდში შვეიცარიასთან სასტარტო თერთმეტეულში ითამაშა და თავი შესანიშნავად წარმოაჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები