ლაღი თამაში, ლორიას სეივები, შანსები და დასანანი შეცდომა
Aa
Aa

ლაღი თამაში, ლორიას სეივები, შანსები და დასანანი შეცდომა

ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლი საქართველოს ნაკრებმა მარცხით დაასრულა. ვლადიმირ პეტკოვიჩის ფორმაციის შვეიცარიამ სენტ. გალენში ვაისის გუნდი 1:0 დაამარცხა.

მატჩის საწყისი 20 წუთი შვეიცარიელთა სრული უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა მასპინძლებმა სწრაფი გოლის გატანა ვერ მოახერხეს. საწყისი წუთების შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა თამაშის ხარისხი გამოასწორეს და შესვენების შემდეგ გოლის გატანის რამდენიმე შანსი ვერ გამოიყენეს.

პირველ ტაიმში დავითაშვილი-შენგელია-ქვილითაიას კომბინაციისას ''გენტის'' ფორვარდი ორთაბრძოლისას მინდორზე დაეცა და ასეთ მდგომარეობაში კარისკენ დაარტყა, ბურთი ძელს მოხვდა და შვეიცარიის ნაკრები გოლს გადაურჩა.

 

შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა შეტევით ხაზში საკმაოდ კარგად ითამაშა, ვაისის ფეხბურთელები მეტოქის ნახევარზე დიდ დროს ატარებდნენ. თურქული ''ქონიას'' შემტევმა, ლევან შენგელიამ მეტოქის კარის მიმართულებით რამდენიმე დარტყმა შეასრულა, თუმცა ყველა შემთხვევაში სიზუსტე დააკლდა.

77-ე წუთზე გურამ კაშიამ საკუთარ საჯარიმოსთან ახლოს არაზუსტი გადაცემა შეასრულა, შვეიცარიელთა ჩაწოდების შემდეგ კაშიამ ცვლილებაზე გამოსული იტენი ვერ გაანეიტრალა და ახალგაზრდა ფორვარდმა ეროვნულ ნაკრებში დებიუტი გოლით აღნიშნა.

 

გოლის გატანა ვაკო ყაზაიშვილსაც შეეძლო, მაგრამ ბურთი პირდაპირ მეკარისკენ წავიდა და დარტყმამ სიმწვავე დაკარგა.

სლოვაკმა სპეციალისტმა ვლადიმირ ვაისმა ცვლილებები საკმაოდ გვიან, დასკვნით 10 წუთში განახორციელა, მან თამაშში გვილია, პაპუნაშვილი და ლობჯანიძე ჩართო, ხოლო მოედანი დავითაშვილმა, ქვილითაიამ და კიტეიშვილმა დატოვეს.

''ვოლფსბურგის'' ნახევარმცველის, რენატო შტეფენისა და კაკაბაძის ორთაბრძოლა

საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიასთან მეოთხე ოფიციალური მატჩი გამართა. 4-დან სამი შეხვედრა შვეიცარიელთა გამარჯვებით დასრულდა. მიმდინარე შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი სწორედ პეტკოვიჩის გუნდთან გამართა, ვაისის გუნდი ''დინამო არენაზე'' 0:2 დამარცხდა. შვეიცარია ერთადერთი გუნდი აღმოჩნდა, რომელსაც საქართველოს ნაკრებმა ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში ქულები ვერ დააკარგვინა.

საქართველოს ნაკრებმა 8 ტურში 8 ქულა მოაგროვა, აუტსაიდერ გიბრალტარს ორივე მატჩი მოუგო, ხოლო დანიასთან და ირლანდიასთან საშინაო მატჩები ფრედ დაასრულა.

საქართველოს ნაკრების მხრიდან რამდენიმე ფეხბურთელის გამოყოფა შეიძლება.აღსანიშნავია, ''რუბინის'' 18 წლის ნახევარმცველის, ზურიკო დავითაშვილის ასპარეზობა, რომელმაც გამოცდილი ლიხშტაინერისა თუ მისი თანაგუნდელების წინააღმდეგ თავი კარგად წარმოაჩინა, ხოლო გიორგი ლორიამ რამდენიმე რთული დარტყმა მოიგერია და არაერთ ეპიზოდში საქართველოს ნაკრები გოლისგან იხსნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები