Aa
Aa

ენტონი "პორტლენდში" ითამაშებს

NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩის ათგზის მონაწილე, კარმელო ენტონი კარიერას "პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსში" გააგრძელებს. ESPN-ის მიხედვით კონტრაქტი გარანტირებული არ იქნება და "მელო" ყოველდღიურად 14490 დოლარს მიიღებს. თუმცა თუ "პორტლენდმა" ენტონი 7 იანვრამდე დაიტოვა, მაშინ ხელშეკრულება გარანტირებული გახდება.

გავრცელებული ინფორმაციით 35 წლის მსუბუქი ფორვარდი "ტრეილ ბლეიზერსს" უახლოეს მომავალში შეუერთდება და ზაკ კოლინსის ტრავმის შემდეგ გაჩენილი სიცარიელის შევსებას შეეცდება.

"პორტლენდის" ხელმძღვანელობამ გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, დემიენ ლილარდს მიღებული გადაწყვეტილება ოთხშაბათს შეატყობინა. ESPN-ის ცნობით "დეიმ დოლა" 'მელოს" გადაბირების წინააღმდეგი არ გახლდათ და გუნდის მესვეურებს მხარი დაუჭირა.

შეგახსენებთ, რომ ენტონი ბოლოს "ჰიუსტონ როქეთსის" ღირსებას იცავდა. ტეხასელთა რიგებში მან 10 შეხვედრა გაატარა, რის შემდეგაც "ჩიკაგო ბულსში" გაცვალეს, რომელმაც 1 თებერვალს ენტონი გუნდიდან გარიცხა.

კარმელო 2003 წლის დრაფტზე "დენვერ ნაგეთსმა" მესამე ნომრად ააირჩია. ენტონი ერთ-ერთ საუკეთესო მექულედ ითვლება და კარიერაში საშუალოდ 24 ქულას 6.5 მოხსნასა და 4.5 შედეგიან გადაცემას აგროვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები