Aa
Aa

"ევრო 2020"-ის საგზური კიდევ 4-მა ნაკრებმა მოიპოვა

„ევრო 2020“-ის შესარჩევი ეტაპის გუშინდელი სათამაშო დღის შემდეგ, ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება ჩეხეთის, ინგლისის, საფრანგეთისა და თურქეთის ნაკრებებმა გაინაღდეს.

ჩეხებმა უშუალო კონკურენტ კოსოვოს 2:1 მოუგეს, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ კოსოვოელები ერთა ლიგის ფლეი-ოფის მონაწილეებად რჩებიან და, შესაძლოა, D ლიგის ფინალში საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდნენ. დამოუკიდებლობის შემდეგ, ჩეხეთის ნაკრებს არც ერთი ევროპირველობა არ გამოუტოვებია და ფინალურ ეტაპზე ზედიზედ მეშვიდედ ითამაშებს.

ამავე ჯგუფში ინგლისელებმა მონტენეგრო 7:0 გაანადგურეს, რითაც „ევრო 2020“-ის საგზური ჯგუფის პირველადგილოსნის სტატუსით გაიფორმეს. ბრიტანელთაგან ჰეთ-თრიქი ჰარი კეინმა შეასრულა, თითო ბურთი ოქსლეიდ-ჩემბერლენმა, რაშფორდმა და აბრაჰამმა შეაგდეს, ხოლო სოფრანაცმა ავტოგოლი მიითვალა. კეინმა ნაკრებში 31 გატანილ გოლს მოუყარა თავი და ყველა დროის ბომბარდირთა დავაში მე-6 ადგილზე გადაინაცვლა. მას რეკორდსმენ უეინ რუნიმდე 22 შედეგიანი დარტყმა აშორებს.

სრულიად მოულოდნელად, მოლდოვის ნაკრებმა საფრანგეთს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და მხოლოდ 79-ე წუთზე გაშვებული პენალტით 1:2 დამარცხდა. ფრანგთაგან თავი რაფაელ ვარანმა და პენალტიდან - ოლივიე ჟირუმ გამოიჩინეს. მსოფლიოს მოქმედმა და ევროპის ვიცე-ჩემპიონებმა „ევრო 2020“-ის საგზური, შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე 1 ტურით ადრე დაჯავშნეს.

სტამბულში, „თურქ ტელეკომ არენაზე“ უშუალო კონკურენტ ისლანდიასთან ნათამაშები ნულოვანი ფრით, ევროპის ჩემპიონატზე მეხუთედ თამაშის უფლება თურქეთის ნაკრებმა მოიპოვა. შენოლ გიუნეშის გუნდმა შედეგზე ორიენტირებული ფეხბურთი ითამაშა, რითაც ციკლის დამთავრებამდე 1 ტურით ადრე, სულ მცირე, ჯგუფის მეორე ადგილი გაინაღდა.

ჩეხები, ინგლისელები, ფრანგები და თურქები, ბელგიელებს, იტალიელებს, რუსებს, პოლონელებს, უკრაინელებსა და ესპანელებს შეუერთდნენ, რომელთაც „ევრო 2020“-ზე თამაში მათზე ადრე გაინაღდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები