ბრძოლა, რომელსაც რონდა როუზის კარიერა შეეწირა
Aa
Aa

ბრძოლა, რომელსაც რონდა როუზის კარიერა შეეწირა

2011 წლის 27 მარტს MMA-ში რონდა როუზის დებიუტი შედგა. "როუდიმ" პირველი ორთაბრძოლა ედიან გომეშის წინააღმდეგ გამართა და მეტოქის დასამარცხებლად სულ რაღაც 25 წამი დასჭირდა.

რონდა როუზის ლეგენდა სწორედ 2011 წლის 27 მარტს დაიწყო. ამერიკელი მებრძოლი სულ მალე UFC-ში აღზევდა და ფენომენალური ასპარეზობა უმაღლეს დონეზეც განაგრძო. "როუდის" შეჩერებას ვერავინ ახერხებდა და მას მეტოქეების დასამარცხებლად რამდენიმე წამი ჰყოფნიდა, თუმცა 2015 წლის 15 ნოემბერს ყველაფერი შეიცვალა.

ზუსტად 4 წლის წინ "როუდი" ჰოლი ჰოლმს დაუპირისპირდა. ეს უკანასკნელი აშკარა აუტსაიდერი გახლდათ. ბუკმეიკერები მას გამარჯვებაზე 21 კოეფიციენტს აძლევდნენ, მაგრამ ჰოლმმა შერეული ორთაბრძოლების მოყვარულები შოკში ჩააგდო.

საჩემპიონო ბრძოლის მეორე რაუნდში ჰოლიმ ფეხით უძლიერესი და ძალიან მტკივნეული დარტყმა განახორციელა, რომლის შემდეგაც როუზი ოქტაგონზე დაეცა და ჰოლმს დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა არ გასჭირვებია.

MMA-ის ქომაგებისა და ექსპერტების აზრით ამ ბრძოლამ როუზიზე უდიდესი გავლენა მოახდინა. იგი მიღებულ სტრესს ვერ გაუმკლავდა და უმაღლეს დონეზე დაბრუნება ვეღარ მოახერხა. ამას არც "როუდი" უარყოფს: "ჩემს კუთხეში ვიჯექი და თავის მოკვლაზე ვფიქრობდი. იმ მომენტში მეგონა, რომ არაფერს წარმოვადგენდი. ვფიქრობდი, რომ რაც არ უნდა გამეკეთებინა, აღარავის დავაინტერესებდი".

რონდამ ოქტაგონზე დაბრუნება ამანდა ნუნიესთან სცადა, მაგრამ ბრაზილიელმა მებრძოლმა "როუდის" კარიერას წერტილი საბოლოოდ დაუსვა.

ცხელი ამბები