ციგე:''ამპუტაციას გადავურჩი, სიცოცხლისთვის ვიბრძოდი''
Aa
Aa

ციგე:''ამპუტაციას გადავურჩი, სიცოცხლისთვის ვიბრძოდი''

ვეტერანი გერმანელი ფეხბურთელი კრისტიან ციგე, რომელიც ''უნტერჰაჰინგში'' ლუკას ჰუფნაგელს წვრთნიდა, კარიერის მნიშვნელოვან ფაქტებს იხსენებს.

47 წლის ციგე, რომელიც ამჟამად ავსტრიის მესამე ლიგის კლუბს წვრთნის, გერმანიის ნაკრებთან ერთად ევრო 1996-ის გამარჯვებული გახდა, გერმანიის ნაკრებმა ნახევარფინალში ტურნირის მასპინძელი ინგლისი პენალტების სერიაში დაამარცხა.

კრისტიან ციგე ევრო 1996-ის ნახევარფინალში ინგლისთან მატჩს იხსენებს:''ინგლისთან ''უემბლიზე'' შეხვედრა კარიერის უდიდესი მატჩი იყო. ამ მატჩის შემდეგ ყოველთვის მსურდა ინგლისში დაბრუნება, ეს შანსი ''მიდლსბრომ'' მომცა და როგორ შემეძლო ამ შანსზე უარი მეთქვა?''

ციგე ასევე იხსენებს მომენტს, როცა დამატებით დროში პოლ გასქოინი ცარიელ კართან მარტო დარჩა, თუმცა ოდნავ დააგვიანა და ვერ შეაგდო:''ეს ეპიზოდი ძალიან ნათლად მახსოვს. თუ გაზა პირდაპირ წავიდოდა, მას გოლი უნდა გაეტანა, მაგრამ წამის მეასედით შეჩერდა და დააგვიანა.

პენალტებში გავიმარჯვეთ, საწყალი საუთგეიტი, მან ვერ გაიტანა. სირცხვილია, გერმანია-ინგლისის დაპირისპირება ფინალში უნდა შემდგარიყო.

''ბოროში'' ყოფნისას გაზას და ინსს ვეკითხებოდი: ვინ მოიგო? დიახ, ეს ჩვენ შევძელით. ასე რომ მოკეტეთ.''

''ბოროში'' გატარებული ერთი სეზონის შემდეგ ''ლივერპულმა'' გერმანელი 5,5 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ გადაიბირა. დასავლეთ ბერლინში დაბადებული ციგე ''ენფილდზე'' გადასვლას ნანობს:''ლივერპულში'' საკმარისი რაოდენობის თამაში არ ჩამიტარებია, მიზეზი დღემდე არ ვიცი. 2001 წელს ლიგის თასის ფინალში პენალტი შევაგდე, ეს მატჩი მოვიგეთ, თუმცა ასოციაციის თასისა და უეფას თასის ფინალში არ მათამაშეს. ულიე თავს არასდროს იწუხებდა უთამაშებლობის რეალური მიზეზი ეთქვა, რაც მაფიქრებინებდა, რომ თუ გავხდები მწვრთნელი, ჩემს ფეხბურთელებს ყოველთვის სიმართლეს ვეტყვი.''

ციგემ ''ენფილდზე'' ერთი სეზონი გაატარა, 2000-01 წლებში მერსისაიდელთა მაისურით 16 მატჩი ჩაატარა.

2002 წელს, როცა ციგე ''ტოტენჰემის'' ფეხბურთელი იყო, ''ბოქსინგ დეის'' მიმდინარეობისას ''ჩარლტონ ატლეტიკთან'' შეხვედრაში არბიტრმა გერმანელი მოედნიდან გააძევა:''ინგლისელი ფეხბურთელები არბიტრს სიტყვიერ შეურაცხყოფას ხშირად აყენებდნენ, მე მხოლოდ ერთი სიტყვა ვუთხარი და წითელი ბარათი მიჩვენა.''

აღნიშნულ მატჩში ''ვაით ჰართ ლეინზე'' ციგემ საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო:''მე მქონდა მკვდარი ფეხი,   ბარძაყი მისივდებოდა და მისივდებოდა. მოგვიანებით გავიგე, რომ სისხლი კანებს შორის გაიჭედა და მას სხვა გასასვლელი არ ჰქონდა.

არ მინდოდა კლინიკაში წასვლა, არც შობას ვგეგმავდი ექიმთან ვიზიტს, თუმცა ჩემი მეუღლე დაჟინებით მოითხოვდა. მადლობა ღმერთს, რომ მეუღლემ ექიმთან წამიყვანა. კლინიკაში მისვლისას გონება დაკარგული მქონდა, ეს იყო დიდი წნეხი სხეულის ყველა ნაწილში, სიცოცხლისთვის ვიბრძოდი.

ექიმებმა ჩემი ფეხი გაჭრეს და ის ბურთივით ჩაიფუშა, მაგრამ დარჩა დიდი ხვრელი, რაღაც ძალიან არასწორად მოხდა. ექიმებს 30 წუთიც რომ დაეგვიანათ, ჩემს გადასარჩენად ფეხის ამპუტაცია გახდებოდა საჭირო.

იმ მომენტში აანალიზებ, რომ სიცოცხლე გაცილებით მნიშვნელოვანია ვიდრე ფეხბურთელის კარიერა და მწვანე მინდორზე თამაში.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები