NBA – „ბოსტონს“ ვეღარ აჩერებენ,
Aa
Aa

NBA – „ბოსტონს“ ვეღარ აჩერებენ, "სან ანტონიოს" პრობლემები აქვს

ბოსტონი - ვაშინგტონი 140 – 133

„ბოსტონ სელთიქსს“ წლეულს დიდი მიზნები აქვს. კემბა უოკერით გაძლიერებული „კელტები“ ლარი ობრაიენის თასის დასაკუთრებას გეგმავენ და სეზონის სტარტზე ხმამაღალი განცხადება გააკეთეს.

„ბოსტონმა“ „ფილადელფიასთან“ განცდილი ფიასკოს შემდეგ ზედიზედ 9 შეხვედრა მოიგო და ერთადერთი გუნდია, რომელსაც მხოლოდ 1 მარცხი აქვს.

გამთენიისას „სელთიქსმა“ „ვაშინგტონ უიზარდსს“ სძლია. მატჩის დაწყებამდე აიზეა ტომასი კი იმუქრებოდა, რომ „ბოსტონს“ დაამარცხებდა, მაგრამ მუქარა მუქარად დარჩა. „ვაშინგტონს“ ვერც ბრედლი ბილის ბრწყინვალე თამაშმა უშველა, რომელმაც 44 ქულა დააგროვა. რაც შეეხება აიზეას, მან აქტივში 18 ქულა და 7 პასი ჩაიწერა.

„ბოსტონის“ მხრიდან 25 ქულით საუკეთესო კემბა უოკერი გახლდათ. ჯეისონ ტეიტუმმა 23 ქულა მიითვალა. ჯეილენ ბრაუნი კი 22 ქულას დასჯერდა.

მინესოტა - სან ანტონიო 129 – 114

გრეგ პოპოვიჩის „სან ანტონიო“ საშინლად გამოიყურება. „სპურსმა“ ამჯერად „მინესოტას“ წინააღმდეგობა ვერ დასძლია და ბოლო 6 შეხვედრაში მეხუთედ დამარცხდა.

საგულისხმოა, რომ პოპოვიჩის კოლექტივი გამარჯვებასთან ახლოსაც არ ყოფილა. „პოპის“ შეგირდებმა ყველა მეოთხედი წააგეს და საბოლოოდ 15 ქულით დამარცხდნენ.

„მინესოტას“ საოცარ ფორმაში მყოფმა უიგინსმა ულიდერა, რომელმაც 30 ქულა დააგროვა. კარლ-ენტონი თაუნსი 28 ქულით გამოირჩა. სათადარიგოთა სკამიდან შესული ჯეფ ტიგი და ჯეიკ ლეიმენი 18-სა და 16 ქულას დასჯერდნენ.

„სპურსის“ რიგებში 27 ქულით საუკეთესო დემარ დეროუზენი გახლდათ. ლამარკუს ოლდრიჯმა 23 ქულა დააგროვა. ბრინ ფორბსი კი 13 ქულას დასჯერდა.

შარლოტა - მემფისი 117 – 119

ორლანდო - ფილადელფია 112 – 97

ჰიუსტონი - კლიპერსი 102 – 93

ლეიკერსი - გოლდენ სტეიტი 120 – 94

პორტლენდი - ტორონტო 106 - 114

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები