Aa
Aa

Daily Mail - "ლივერპული" სანჩოს ტრანსფერით ინტერესდება

„დორტმუნდის“ 19 წლის ფეხბურთელს, ჯეიდონ სანჩოს კლუბის დატოვება სურს. ამ ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს და დასძენს, რომ ინგლისელ მოთამაშეს ახალი მსურველიც გამოუჩნდა. ბრიტანული გამოცემის მიხედვით სანჩოს შეძენით „ლივერპული“ დაინტერესდა.

19 წლის შემტევი „დორტმუნდის“ ერთ-ერთი ლიდერი გახლავთ, თუმცა ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებით უკმაყოფილოა და საკუთარ მომავალზე სერიოზულად დაფიქრდა.

გერმანული გუნდი სანჩოს მიმართ მკაცრ პოლიტიკას ატარებს, რომელსაც როგორც ჩანს 19 წლის ფეხბურთელზე კარგი გავლენა არ აქვს. მიმდინარე სეზონში „დორტმუნდის“ სპორტულმა დირექტორმა, მიხაელ ცორკმა ინგლისელი საჯაროდ გააკრიტიკა. არადა მთავარმა მწვრთნელმა, ლუსიენ ფავრმა მოითხოვა, რომ გუნდის შიგნით არსებული პრობლემები სააშკარაოზე არ გაეტანათ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ „ბაიერნთან“ შეხვედრაში შვეიცარიელმა სპეციალისტმა სანჩო 36-ე წუთზე შეცვალა.

Daily Mail გვარწმუნებს, რომ გერმანულ გუნდს სანჩოს შენარჩუნების დიდი სურვილი არ აქვს, რაც გასულ ზაფხულშიც გამოჩნდა, როცა „დორტმუნდი“ მზად იყო ინგლისელი 100 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გაეშვა და მის შემცვლელს ეძებდა.

ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით ზემოთ ხსენებული „ლივერპულის“ გარდა სანჩოს შეძენას „მანჩესტერ იუნაიტედი“, პსჟ, „ბარსელონა“ და „რეალი“ განიხილავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები