Aa
Aa

ზლატანი წავიდა: "მოვედი, ვნახე, დავიპყარი...ახლა ბეისბოლის ყურებას დაუბრუნდით“

38 წლის შვედი ფეხბურთელის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის ამერიკული თავგადასავალი ოფიციალურად დასრულდა. MLS-ს ში გატარებული 18 თვის შემდეგ, „იბრამ“ „ლოს-ანჯელეს გელექსი“ დატოვა.

ზლატანმა MLS-ში ორი სეზონი გაატარა და 58 შეხვედრაში 52 გოლი შეაგდო. იბრაჰიმოვიჩმა პირველ სეზონში ფლეიოფში გასვლა ვერ მოახერხა, მეორეში კი ჩემპიონობისთვის ბრძოლას მეოთხედფინალურ ეტაპზე გამოეთიშა.

ამერიკულ პრესაში იწერებოდა, რომ „იბრა“ „გელექსისთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებდა, თუმცა ეს სიმართლე არ აღმოჩნდა და ზლატანი ლოს-ანჯელესურ გუნდსა და მის ქომაგებს ჩვეულ სტილში დაემშვიდობა.

შვედმა ფეხბურთელმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ვკითხულობთ: „მოვედი, ვნახე, დავიპყარი. მადლობა ლოს-ანჯელეს გელექსი იმისთვის, რომ თავი ისევ ცოცხლად მაგრძნობინეთ. გელექსის გულშემატკივრებო - თქვენ ზლატანი გინდოდათ და მე ზლატანი მოგეცით. ამბავი გრძელდება... ახლა ბეისბოლის ყურებას დაუბრუნდით“.

აქვე გეტყვით, რომ იბრაჰიმოვიჩის წასვლა „გელექსიმაც“ დაადასტურა. ლოს-ანჯელესურმა გუნდმა თავის ვებგვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ზლატანს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მხარეებს შორის თანამშრომლობა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები