კვეკვესკირი:
Aa
Aa

კვეკვესკირი: "შვეიცარიას ჩვენთან მოგება ძალიან სჭირდება, მაგრამ ჩვენ საკუთარი მიზნები გვაქვს"

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩისთვის ემზადება. ვლადიმირ ვაისი გუნდი პარასკევს, 15 ნოემბერს (23:45) სტუმრად შვეიცარიას დაუპირისპირდება.

"ჯვაროსნები" შეხვედრისთვის სრული შემადგენლობით ემზადებიან, ამ მომენტისთვის ტრავმირებულები არ არიან და სლოვაკი სპეციალისტის განკარგულებაში ყველა მოთამაშეა, რომლებიც მან შვეიცარიელთა წინააღმდეგ გამოიძახა.

მოახლოებული შეხვედრისა და ერთა ლიგის შესახებ ისაუბრა ეროვნული ნაკრების შაუხაზელმა ნიკა კვეკვესკირმა:

"ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გველის წინ, სანაკრებო დონეზე უმნიშვნელო თამაშები არ არსებობს, მითუმეტეს, რომ შეგვიძლია მომავალი ორი შეხვედრა ერთგვარ გენერალურ რეპეტიციად მივიჩნიოთ ერთა ლიგის ნახევარფინალის წინ.

ყველამ კარგად ვიცით თუ რა დონის ნაკრები ჰყავს შვეიცარიას, ამასთან ერთად მათ ჩვენთან მოგება ძალიან სჭირდებათ იმისთვის, რომ ევრო 2020-ზე იასპარეზონ. ამის მიუხედავად, ჩვენს გუნდს საკუთარი მიზნები აქვს, ტრავმირებული ფეხბურთელების არ ყოფნაში, რამდენიმე ფეხბურთელს, რომელსაც ნაკრებში მუდმივი სათამაშო პრაქტიკა არ აქვს შანსი მიეცემა.

ვფიქრობ, რომ მარტში გასამართი ისტორიული მატჩის წინ უახლოეს ორ თამაშში ნაჩვენები შედეგი ეროვნული ნაკრების თავდაჯერებულობაზე დიდ გავლენას მოახდენს. შვეიცარიის შემდეგ ჩვენ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონს ხორვატიას დავუპირისპირდებით, რომელიც ასევე ძალიან მაღალი დონის გუნდია. ჩემი აზრით, ასეთი დონის მეტოქეებთან დადებითი შედეგის ჩვენება ნაკრების თავდაჯერებულობისთვის აუცილებელია.

მზადების პროცესი კარგად მიმდინარეობს და ყველა ფეხბურთელი საკმაოდ ძლიერ ნაკრებებთან თამაშის მოლოდინში ვართ." - კვეკვესკირის სიტყვებს GFF-ს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ D ჯგუფში ვითარება უკიდურესად არის დაძაბული და ლიდერთა სამეულისთვის თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს. საქართველოს ნაკრებთან ვერმოგების შემთხვევაში შვეიცარია შესაძლოა ჯგუფში ჩარჩეს.

შეგახსენებთ, რომ წლის ბოლო თამაში 19 ნოემბერს ჩატარდება. ვაისის გუნდი თბილისის დროით 21:00 საათზე ხორვატიას ამხანაგურად დაუპირისპირდება.

ფოტომასალა - GFF

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები