NBA - ბითაძის გუნდი წარმატებულ სვლას განაგრძობს, „პორტლენდი“ კრიზისშია?
Aa
Aa

NBA - ბითაძის გუნდი წარმატებულ სვლას განაგრძობს, „პორტლენდი“ კრიზისშია?

ინდიანა - ოკლაჰომა 111 - 85

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. ქართველი ცენტრის გუნდის გაჩერება მეტოქეებს ძალიან უჭირთ და გამონაკლისი არც „ოკლაჰომა სითი თანდერი“ აღმოჩნდა, რომელსაც „ინდიანა“ საკუთარ კედლებში დაუპირისპირდა.

„პეისერსმა“ კრის პოლსა და კომპანიას შანსი არ დაუტოვა, ყველა მეოთხედი მოუგო და 26 ქულიანი უპირატესობით სძლია.

შეგახსენებთ, რომ გოგა ტვინის შერყევის გამო ვერ თამაშობს, მაგრამ სავარაუდოდ გუნდს უახლოეს მომავალში დაუბრუნდება. უშუალოდ მატჩს რაც შეეხება, როგორც მოსალოდნელი იყო „პეისერსმა“ გუნდური კალათბურთის ხარჯზე იმარჯვა. ტი ჯეი უორენმა, მალკოლმ ბროგდონმა, დომანტას საბონისმა და აარონ ჰოლიდეიმ 111 ქულიდან 78 ქულა გაიფორმეს.

ყველაზე მეტი, 23 ქულა უორენმა დააგროვა. საოცარ ფორმაში მყოფი ბროგდონი 20 ქულით გამოირჩა. საბონისმა მორიგი ორმაგი დუბლი მიითვალა - 18 ქულა, 16 მოხსნა. ჰოლიდეი კი 17 ქულას დასჯერდა.

„ოკლაჰომას“ 14 ქულით დანილო გალინარიმ ულიდერა, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს. „გალოს“ გარდა 10 ქულიანი ნიშნული "თანდერის" მხოლოდ სამმა კალათბურთელმა გადალახა. კრის პოლმა კი შეხვედრა სულაც 7 ქულითა და 8 პასით დაასრულა.

საკრამენტო - პორტლენდი 107 – 99

დემინ ლილარდმა „საკრამენტოსთან“ მატჩის წინ განაცხადა, რომ „პორტლენდს“ სათანადოდ არ აფასებენ. „დეიმ დოლას“ მოსაზრებას არსებობის უფლება ნამდვილად აქვს, მაგრამ ბოლო პერიოდში „ტრეილ ბლეიზერსი“ ისე თამაშობს, რთულია ამ გუნდის შესახებ რაიმე პოზიტიური თქვა.

გამთენიისას „პორტლენდმა“ „საკრამენტოსთან“ წააგო, რაც ლილარდის გუნდისთვის ბოლო 6 შეხვედრაში მეხუთე მარცხი გახლდათ. თან წაგებაცაა და წაგებაც. „ტრეილ ბლეიზერსმა“ 100 ქულიანი ნიშნული ვერ გადალახა და დაცვაში საშინლად გამოიყურებოდა.

„კინგსს“ 25 ქულითა და 10 მოხსნით ბოგდან ბოგდანოვიჩმა ულიდერა. ბადი ჰილდი 20 ქულას დასჯერდა, თუმცა 21-დან მხოლოდ 7 ბურთი ჩააგდო. ნემანია ბიელიცამ ორმაგი დუბლი მიითვალა - 19 ქულა, 12 მოხსნა. ჰარისონ ბარნსი კი 16 ქულას დასჯერდა.

„პორტლენდის“ მხრიდან ზემოთ ხსენებული დემიენ ლილარდი გამოირჩა, რომელმაც 27 ქულა მიითვალა. სი ჯეი მაკკოლუმმა 24 ქულა დააგროვა. ჰასან უიათსაიდმა კი მატჩი 17 ქულით დაასრულა.

სხვა მატჩების შედეგები

ფილადელფია - კლივლენდი 98 - 97

მაიამი - დეტროიტი 117 - 108

ჩიკაგო - ნიუ იორკი 120 - 102

დენვერი - ატლანტა 121 - 125

ფინიქსი - ლეიკერსი 115 - 123

იუტა - ბრუკლინი 119 - 114

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები