Aa
Aa

ტიმმა ჯოკოვიჩიც დაამარცხა - სუპერმატჩი ბოლო ტურში...

დომინიკ ტიმმა მსოფლიოს მეორე ჩოგან ნოვაკ ჯოკოვიჩს 3 სეტში მოუგო და შემაჯამებელ ტურნირზე ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ავსტრიელმა ჩოგბურთელმა ბრწყინვალე თამაში აჩვენა და პირველი სეტის ტაიბრეიკზე წაგების მიუხედავად, სერბი ვარსკვლავი 3-სეტიან უმძიმეს ბრძოლაში დაამარცხა - 6:7; 6:3; 7:6.

აღსანიშნავია, რომ მე-3 სეტში, 6:5-ზე ტიმი მატჩზე აწვდიდა, თუმცა საქმე მაინც ტაიბრეიკამდე მივიდა, რომელშიც იგი 1:4 ჩამორჩა, თუმცა შემდეგი 7 გათამაშებიდან 6 ქულით დაასრულა და ჯოკოვიჩს ჰარდის საფარზე მე-4 ცდიდან პირველად მოუგო.

1972 წლის შემდეგ დომინიკ ტიმი პირველი ავსტრიელია, რომელმაც შემაჯამებელ ტურნირზე ნახევარფინალში გასვლა შეძლო.

დღის მეორე შეხვედრაში დაგეგმილი გამარჯვება იზეიმა როჯერ ფედერერმა, რომელმაც იტალიელ მატეო ბერეტინის 7:6; 6:3 აჯობა.

შვეიცარიელი მაესტრო წლის შემაჯამებელ ტურნირზე მე-17-ედ თამაშობს და მეორე ტურის ყველა მატჩი მოგებული აქვს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

ფედერერმა პირველ ტურში ტიმთან წააგო, შესაბამისად, ჯგუფში ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ ბოლო რაუნდში მისი და ჯოკოვიჩის სუპერმატჩი მეორე ნახევარფინალისტს გამოავლენს. პარალელურად ტიმი ბერეტინის დამარცხებას შეეცდება, რათა ნახევარფინალში პირველი ადგილით გავიდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები