უძლიერეს საფრანგეთთან 4 ლეგიონერის გარეშე
Aa
Aa

უძლიერეს საფრანგეთთან 4 ლეგიონერის გარეშე

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, გია ცეცაძეს საფრანგეთთან და სლოვაკეთთან შეხვედრებში ლევან ხარაბაძის გამოყენების შესაძლებლობა არ ექნება. თბილისის ''დინამოდან'' შვეიცარიულ ''ციურიხში'' განათხოვრებულმა მარცხენა მცველმა CrystalSport-თან საუბარში აღნიშნა, რომ ტრავმა ბოლომდე ვერ მოიშუშა და თამაშისთვის მზად არაა.

19 წლის ლევან ხარაბაძემ მიმდინარე სეზონში შვეიცარიის სუპერლიგაში მხოლოდ 8 მატჩი ჩაატარა. 25 სექტემბერს ლევან ხარაბაძემ ''ბაზელის'' წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა. მას შემდეგ ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელს არ უთამაშია.

საინტერესოა, რომ ხარაბაძეს ახალგაზრდულ ნაკრებში ოფიციალური მატჩი არასდროს ჩაუტარებია, თუმცა მას 17 და 19 წლამდე ნაკრებებში თამაშის გარდა ეროვნულ გუნდში ასპარეზობის გამოცდილებაც აქვს.

ცეცაძის გუნდს ტრავმის გამო გიორგი არაბიძე და ვატო არველაძე ვერ დაეხმარებიან. მათ ლევან ხარაბაძე დაემატა. ასე რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრები წარმატებისთვის სამი ლეგიონერის გარეშე იბრძოლებს. ასევე ცნობილია, რომ საფრანგეთთან შეხვედრას ზურიკო დავითაშვილი გამოტოვებს, რომელიც ვლადიმირ ვაისმა ეროვნულ გუნდში გამოიძახა. ''რუბინის'' ნახევარმცველი ახალგაზრდულ ნაკრებს სლოვაკეთთან გასვლით შეხვედრაში დაეხმარება.

შეგახსენებთ, 15 ნოემბერს გია ცეცაძის გუნდი საფრანგეთს ესტუმრება, 18 ნოემბერს კი ასევე სტუმრად სლოვაკეთს დაუპირისპირდება.

ცეცაძემ უახლოესი ორი შეხვედრისთვის ახალგაზრდულ ნაკრებში შემდეგი ფეხბურთელები გამოიძახა:

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (გრანადა, ესპანეთი), დემეტრე ბულისკერია (ლოკომოტივი), გიორგი მამარდაშვილი (რუსთავი);

მცველები: ილია ბერიაშვილი (თელავი), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (ლოკომოტივი), ლუკა ლოჩოშვილი (ჟილინა, სლოვაკეთი), ვაჟა ფაცაცია (დინამო ბთ), დავით კობოური (დინამო თბ), ლაშა უგრეხელიძე (სიონი), ნიკა მალი (საბურთალო).

ნახევარმცველები: იური ტაბატაძე (საბურთალო), ლუკა სილაგაძე (რუსთავი), ნიკა ნინუა (დინამო თბ), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), გიორგი კუცია (დილა), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), რატი არდაზიშვილი (ჩიხურა).

თავდამსხმელები: ბექა ქავთარაძე (რუსთავი), ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა), ირაკლი ბუღრიძე (ბეერსხოტი, ბელგია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, რუსეთი).

შეგახსენებთ, სილვენ რიპოლის გაწვრთნილი საფრანგეთის 21 წლამდე ნაკრები 6 ქულით მეორე ადგილზეა, ფრანგებმა ორი მატჩი გამართეს და ქულათა მაქსიმუმი მოიპოვეს. პირველ პოზიციაზე შვეიცარიაა, რომელმაც სამიდან სამივე შეხვედრა 3 ქულით დაასრულა. შვეიცარიამ მესამე ტურში ცეცაძის გუნდი 2:1 დაამარცხა.

საფრანგეთის მსგავსად საქართველოს ნაკრების ანგარიშზეც 6 ქულაა. ცეცაძის გუნდმა სამი მატჩი გამართა, ლიხტენშტაინთან და აზერბაიჯანთან გამარჯვებების შემდეგ ქართველმა ფეხბურთელებმა შვეიცარიაში მატჩის მიწურულს გაშვებული გოლით დასანანი მარცხი განიცადეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები