Aa
Aa

"სან ანტონიომ" ტონი პარკერის მაისური ხმარებიდან ამოიღო

რამდენიმე წუთის წინ „სან ანტონიო სპურსმა“ თავისი ლეგენდის, ტონი პარკერის სახელი უკვდავყო. ტეხასურმა გუნდმა „ტიპი9-ს“ მაისური ხმარებიდან ამოიღო. ცერემონია „მემფისთან“ მატჩის შემდეგ გაიმართა, რომელიც პოპოვიჩის შეგირდებმა 109-113 წააგეს.

ისტორიულ მომენტს მანუ ჯინობილი, ტიმ დანკანი, ბორის დიაო, ბრიუს ბოუენი, შონ ელიოტი, ნიკოლას ბატუმი, ჯორჯ ჰილი, იან მაჰინმი, მეტ ბონერი, როჯერ მეისონი, რონი ტურიაფი, ტიაგო სპლიტერი და მალიკ როუზი დაესწრნენ.

ტრიბუნებზე შეკრებილ გულშემატკივარს სიტყვით ტონი პარკერმა, ტიმ დანკანმა, მანუ ჯინობილიმ და გრეგ პოპოვიჩმა მიმართეს. შემდეგ კი ისტორიული მომენტის დროც დადგა.

შეგახსენებთ, რომ „სან ანტონიომ“ პარკერი 2001 წლის დრაფტზე აირჩია. „სპურსის“ ღირსებას იგი 17 სეზონის განმავლობაში იცავდა. 2018-19 წლების სეზონი კი „შარლოტ ჰორნეთსში“ გაატარა. ტონი NBA-ს ოთხგზის ჩემპიონი და ყველა ვარსკვლავის მატჩის ექვსგზის მონაწილეა. 2007-ში იგი ფინალების საუკეთესო მოთამაშე გახდა და „სან ანტონიოს“ რიგებში ყველაზე მეტი, 6829 შედეგიანი გადაცემა აქვს გაფორმებული.

პარკერმა რეგულარულ სეზონში „სპურსის“ მაისური 1254 შეხვედრაში მოირგო და საშუალოდ 15.5 ქულას, 5.6 პასსა და 2.7 მოხსნას აგროვებდა. ფლეიოფში კი 226 მატჩი ჩაატარა და 17.9 ქულას, 5.1 პასსა და 2.9 მოხსნას იფორმებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები