Aa
Aa

საქართველოს ნაკრები წლის ბოლო მატჩებისთვის შეიკრიბა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წლის ბოლო ორი შეხვედრისთვის მზადება დაიწყო. შეკრების პირველ დღეს ვლადიმირ ვაისის განკარგულებაში მყოფმა 13-მა ფეხბურთელმა გერმანიის ქალაქ ბუდ ვურისოფენში ივარჯიშა, სადაც კიდევ 3 დღე დარჩება.

საკლუბო მატჩების გამო, „ჯვაროსნების“ შემადგენლობის ნაწილი გუნდს დღეს შეუერთდება, ჯანო ანანიძემ და ჯიმი ტაბიძემ კი ტრავმები მიიღეს და შეკრებაზე ვერ გამოცხადდნენ. მათ ნაცვლად ვაისმა გუნდში „საბურთალოს“ გამოცდილ ცენტრალურ მცველ გიორგი რეხვიაშვილს უხმო.

გუშინდელი ვარჯიშის შემდეგ სფფ-ს პრესსამსახურთან კომენტარი ოთარ კიტეიშვილმა გააკეთა.

"შვეიცარიის ნაკრები ძლიერი გუნდია, ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდი. მათ წინააღმდეგ გამართულ პირველ შეხვედრაში ისეთი თამაში ვერ ვაჩვენეთ, როგორიც გვსურდა და 0:2 დავმარცხდით. იმ მატჩში შვეიცარიამ, ასე ვთქვათ, გვაჯობა, მაგრამ ახლა შევეცდებით, რომ მაქსიმალურად დავიხარჯოთ, გამოვავლინოთ ჩვენი შესაძლებლობები და სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ.

მიმდინარე წელს ერთი ოფიციალური და ერთი ამხანაგური შეხვედრა დაგვრჩა. ჩემი აზრით, ეს მატჩები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მარტში გასამართ ერთა ლიგის პლეი-ოფებს იდეალურ ფორმაში შევხვდეთ“.

ჩვენი გუნდი 15 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე, სტუმრად შვეიცარიას შეხვდება და ამ მატჩით „ევრო 2020“-ის შესარჩევ ეტაპს დაასრულებს. წლის ბოლო თამაში კი 19 ნოემბერს ჩატარდება, როცა ვაისის შეგირდები, თბილისის დროით 21:00 საათიდან, ხორვატიას ამხანაგურად გაეჯიბრებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები