Aa
Aa

"ლივერპულის" ღირსეული ჟესტი - შონ კოქსი "ენფილდზე" დაბრუნდა

შონ კოქსმა „მანჩესტერ სიტისთან“ მოპოვებული გამარჯვება „ლივერპულის“ მთავარ მწვრთნელთან, იურგენ კლოპთან ერთად აღნიშნა. შეგახსენებთ, რომ „წითლების“ თავგადაკლული ქომაგი საფეხბურთო სამყარომ შარშან გაიცნო. 2018 წლის აპრილში „რომას“ გულშემატკივრებმა კოქსს ინგლისში გონების დაკარგვამდე სცემეს და სერიოზული დაზიანებები მიაყენეს, რის გამოც იგი 3 თვის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა.

კოქსზე თავდასხმა ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის წინ მოხდა, როცა ინგლისში ჩასულმა "რომას" ორმა ქომაგმა შონზე იძალადა. თებერვალში ამ ბრალდებით სიმონე მასტრელი დააკავეს, რომელსაც 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

კოქსთან შეხვედრის თაობაზე ადგილობრივ ჟურნალისტებთან კლოპმაც ისაუბრა და აღნიშნა: „მას ჩემი ნახვა ძალიან გაუხარდა, მაგრამ მასთან შეხვედრა მე უფრო გამიხარდა. შონს თან მეუღლე და შვილები ახლდნენ. დარწმუნებული ვარ თუ საცხოვრებლად ლივერპულში გადმოვა, სეზონურ ბილეთს აუცილებლად მიიღებს“.

აქვე გეტყვით, რომ შონი და მისი ოჯახი „სიტისთან“ მატჩზე „ლივერპულმა“ მიიწვია. კოქსის „ენფილდზე“ დაბრუნება წარმატებული გამოდგა და მერსისაიდელებმა უშუალო კონკურენტი 3-1 დაამარცხეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები