Aa
Aa

"კიუშუ ბაშო": ტოჩინოშინმა ტურნირი მარცხით დაიწყო

10 ნოემბერს ფუკუოკაში წლის დასკვნითმა სუპერტურნირმა „კიუშუ ბაშომ“ სტარტი აიღო.

ტურნირის პირველ ბრძოლაში სეკივაკეს რანგში მოასპარეზე ტოჩინოშინი მეორე მაეგაშირა მეისეის დაუპირისპირდა და შიტატეჰინერის ილეთით დამარცხდა.

ლევანმა ბრძოლა აქტიურად დაიწყო, მარცხენა ჩავლებაც აიღო, თუმცა მეტოქემ ილეთზე წამოაგო და დოჰიოზე დააგდო.

 

ამ უკანასკნელს ლევანი დღემდე ერთადერთხელ, „ნაცუ ბაშოზე“ შეხვდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა.

მეორე დღეს გორგაძე ასევე მეორე მაეგაშირას, მიოგირიუს შეერკინება. იაპონელ სეკიტორს ტოჩინოშინი კარგად იცნობს და მის წინააღმდეგ დოჰიოზე 22-ჯერაა გასული. ქართველმა გოლიათმა წარმატებას 12-ჯერ მიაღწია, მიოგირიუმ კი 10-ჯერ იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი ბრძოლა, „ჰაცუ“, „ჰარუ“ და „აკი“ ბაშოზე მიოგირიუს გამარჯვებით დასრულდა.

წლის დასკვნით სუპერტურნირზე ლევანს ოძეკის წოდების დაბრუნების შანსი აქვს. მიზნის მისაღწევად ტრავმებით გაწამებულმა ქართველმა 10 ბრძოლა უნდა მოიგოს. თუ ტოჩინოშინმა მიზანს მიაღწია, იგი სუმოს ისტორიაში მეორე რიკიში გახდება, ვინც ოძეკის წოდება ორჯერ დაიბრუნა.

ცხელი ამბები