„ჰიუსტონის“ ზედიზედ მეორე და „როქეთსის“ ლიდერთა მიღწევები
Aa
Aa

„ჰიუსტონის“ ზედიზედ მეორე და „როქეთსის“ ლიდერთა მიღწევები

„მემფისის“ დამარცხების შემდეგ „ჰიუსტონ როქეთსი“ საშინაო არენას დაუბრუნდა და „ტოიოტა ცენტრში“ „გოლდენ სტეიტს“ შეერკინა. ტეხასელებს ლიდერების გარეშე მოასპარეზე „უორიორსის“ დამარცხება არ გასჭირვებიათ და მეტოქეს 129-112 სძლიეს.

„გოლდენ სტეიტთან“ მატჩი განსაკუთრებული „ჰიუსტონის“ ორი კალათბურთელისთვის გამოდგა. რასელ უესტბრუკმა კარიერაში დაგროვებული ასისტების რაოდენობით ბობ ქოუზის გადაასწრო და მე-19 ადგილზე გადაინაცვლა. ჯეიმს ჰარდენმა კი სეზონის საწყის 8 შეხვედრაში 292 ქულა ჩააგდო, რაც საოცარი შედეგია. ამ კატეგორიაში „წვერა“ მხოლოდ მაიკლ ჯორდანს ჩამორჩება, რომელსაც 1988-89 წლების სეზონის პირველ 8 მატჩში 302 ქულა აქვს გაკეთებული.

„გოლდენ სტეიტთან“ ჰარდენმა 36 ქულა, 13 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა, 3 დაფარება და 4 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. რასელ უესტბრუკმა კი აქტივში 18 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი ჩაიწერა. ხსენებული დუეტის გარდა 22 ქულით პი ჯეი ტაკერი გამოირჩა, ხოლო კლინტ კაპელამ გუნდს 19 ქულა და 16 მოხსნა შესძინა.

„გოლდენ სტეიტის“ რიგებში 28 ქულით საუკეთესო ალეკ ბერკსი გახლდათ. ერიკ პასკალმა მატჩი 19 ქულით დაასრულა. გლენ რობინსონ მესამემ კი 15 ქულა და 11 მოხსნა გაიფორმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები