მოურინიო ბუნდესლიგაში? - ''მისთვის ''ბაიერნში'' მუშაობა დიდი ცდუნებაა''
Aa
Aa

მოურინიო ბუნდესლიგაში? - ''მისთვის ''ბაიერნში'' მუშაობა დიდი ცდუნებაა''

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა ბასტიან შვაინშტაიგერმა ჟოზე მოურინიოსთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა. გერმანელის თქმით ჟოზე მოურინიოს ბუნდესლიგაში მუშაობის დიდი სურვილი ჰქონდა.

2016-17 წლებში ''მანჩესტერ იუნაიტედში'' შვაინშტაიგერი ჟოზე მოურინიოსთან მუშაობდა. 35 წლის გერმანელი მოურინიოს შესახებ გერმანულ Bild-ს ესაუბრა.

ბასტიან შვაინშტაიგერი:''შემიძლია წარმოვიდგინო ჟოზე მოურინიო გერმანულ ფეხბურთში. მახსოვს ხშირად მისვამდა კითხვებს მიუნხენის ''ბაიერნისა'' და გერმანული ფეხბურთის შესახებ. როცა გასვლითი მატჩები გვქონდა, ტელევიზორში ყოველთვის ბუნდესლიგის მატჩები იყო ჩართული. 

მოურინიო ბუნდესლიგის თითოეულ ფეხბურთელს კარგად იცნობდა, მათ შორის შედარებით სუსტი გუნდების მოთამაშეებს. ასევე, მოურინიო სწავლობდა გერმანულ ენას. მას გერმანიაში არასდროს უმუშავია და ვფიქრობ, რომ მისთვის ბუნდესლიგაში მუშაობა დიდი ცდუნებაა.''

2018 წლის მიწურულს ჟოზე მოურინიომ ''მანჩესტერ იუნაიტედი'' დატოვა და მას შემდეგ უმუშევარია. ''წითელი ეშმაკების'' დატოვების შემდეგ პორტუგალიელმა აღიარა, რომ გერმანული ფეხბურთის თაყვანისმცემელია.

მოურინიოს პორტუგალიის ჩემპიონატის გარდა ესპანურ ლა ლიგაში, ინგლისის პრემიერლიგასა და იტალიურ სერია ა-ში უმუშავია. მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელს გერმანულ ფეხბურთში მოღვაწეობის გამოცდილება არ აქვს.

შეგახსენებთ, მიუნხენის ''ბაიერნის'' მთავარი მწვრთნელის პოსტი ნიკო კოვაჩმა დატოვა, ვაკანტურ თანამდებობაზე შესაძლოა ჟოზე მოურინიო ვიხილოთ. ასევე განიხილება მასიმილიანო ალეგრის, არსენ ვენგერისა და რალფ რანგნიკის კანდიდატურები. ამსტერდამის ''აიაქსის'' მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა მიმდინარე სეზონის ბოლომდე ჰოლანდიური გუნდის დატოვება გამორიცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები