პორტუგალიური მედია:ლისაბონური კლუბი მაკარიძის გადაბირებას გეგმავს
Aa
Aa

პორტუგალიური მედია:ლისაბონური კლუბი მაკარიძის გადაბირებას გეგმავს

''სეტუბალის'' ქართველი მეკარის, გიორგი მაკარიძის გადაბირება ლისაბონის ''სპორტინგს'' სურს. ინფორმაციას ავტორიტეტული პორტუგალიური გამოცემა A Bola ავრცელებს. ტრანსფერის განხორციელება ზამთარშია მოსალოდნელი.

ამჟამად ლისაბონის ''სპორტინგის'' პირველი მეკარე ბრაზილიელი რენან რიბეიროა, რომელმაც მიმდინარე სეზონში პორტუგალიის ჩემპიონატის 10 მატჩში 12 გოლი გაუშვა, რაც ცხადია ძალიან ცუდი მაჩვენებელია, როცა ქართველმა მეკარემ მხოლოდ 6 გოლი გაუშვა და 7 შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა.

გასულ ტურში ''ბოავიშტასთან'' მოგებულ თამაშში მაკარიძე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა (იხილეთ).

2017 წელს ''მორეირენსეში'' ყოფნისას მაკარიძის გადაბირება ლისაბონის ''ბენფიკასა'' და ''ბრაგას'' სურდათ, თუმცა ტრანსფერი არ შედგა.

მიმდინარე სეზონის დაწყებამდე მაკარიძემ CrystalSport-თან ინტერვიუში მაღალი დონის გუნდებში ჩაშლილი ტრანსფერები გაიხსენა და იმედი გამოთქვა, რომ 2019-20 წლების სეზონში თავს კარგად წარმოაჩენს და მაღალი მიზნებისთვის მებრძოლ გუნდს შეუერთდება:''დიდ გუნდში გადასვლის სამი შესაძლებლობა მქონდა, თუმცა არც ერთი გამოვიდა. 2008 წელს ''დორტმუნდში'' შოთა არველაძის დახმარებით ერთი კვირით ჩავედი, როცა გუნდის მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი იყო. დეკემბერში გერმანიიდან წამოსვლის წინ გუნდის დირექტორმა მითხრა, რომ ენის სწავლის დაწყება უკვე შემეძლო და იანვარში ''დორტმუნდის'' ფეხბურთელი გავხდებოდი. მაშინ დეკემბერი იყო,  დანარჩენზე ჩემს ინგლისელ აგენტთან ისაუბრებდა.

''დინამოსთან'' კონტრაქტი დამთავრებული მქონდა და გერმანულ კლუბს ჩემს სანაცვლოდ სატრანსფერო თანხის გადახდა არ მოუწევდა. ამ ფაქტორის მიუხედავად კლუბის დირექტორი და აგენტი ვერ შეთანხმდნენ. პარალელურად ''ლე მანი'' გადაწყვეტილების მისაღებად მცირე დროს მაძლევდა, ფრანგული კლუბი კონტრაქტის გაფორმებისკენ მაჩქარებდა. გერმანულ კლუბთან კონტრაქტის გაფორმებას ერთი კვირა ველოდებოდი, აგენტი დროს მიწელავდა და ბოლოს ვუთხარი, რომ ''ლე მანის'' შემოთავაზებულ კონტრაქტს ხელს ვაწერდი. და ასეც მოხდა, ჩემი მომავალი ფრანგულ გუნდს დავუკავშირე. იმ პერიოდში ''ლე მანი'' საკმაოდ ძლიერი გუნდი იყო.

2011 წელს პსჟ-დან რეალური დაინტერესება იყო, პარიზული კლუბი მეორე მეკარედ განმიხილავდა, თუმცა ამ დროს კლუბი ყატარელმა შეიხმა შეიძინა და გუნდში ყველაფერი შეიცვალა. 2017 წლის ზაფხულში ლისაბონის ''ბენფიკაში'' გადასვლასთან ახლოს ვიყავი, რაზეც ყველაზე მეტად მწყდება გული. ''ბენფიკასთან'' წინასწარი კონტრაქტიც გავაფორმე, თუმცა მეც არ ვიცი რა მოხდა და რატომ ვერ გავხდი ''ბენფიკას'' ფეხბურთელი. ''ბენფიკაში'' თამაშის სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ  ''ბრაგაში'' პირველ მეკარეობაზე უარი ვთქვი.''

მიმდინარე სეზონში მაკარიძე პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა და გასაკვირი არაა, რომ მისი გადაბირებით ერთ-ერთი საუკეთესო პორტუგალიური გუნდი დაინტერესდა.

Transfermarket-ის ცნობით მაკარიძის სატრანსფერო თანხა 1,2 მილიონ ევროს შეადგენს.

მიმდინარე სეზონში 29 წლის ქართველმა მეკარემ პორტუგალიის ჩემპიონატის ათივე ტურში 90 წუთი ითამაშა. მან გოლი მხოლოდ სამ შეხვედრაში გაუშვა, 7 მატჩში კარი მშრალად შეინახა. ამ მაჩვენებლით მაკარიძე მხოლოდ ''ბენფიკას'' მეკარეს, ოდისეას ვლახოდიმოსს ჩამორჩება. ბერძენმა 10 მატჩიდან 8 შემთხვევაში კარი მშრალად შეინახა.

საერთო ჯამში მაკარიძემ 6 გოლი გაუშვა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ ''ბენფიკას'' მეკარეს, ოდისეას ვლახოდიმოსსა და ''პორტუს'' კარის დარაჯს, არგენტინელ ავგუსტინ მარჩეზინის ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები