ტენ ჰაგი:''ბაიერნი'' კვლავ ჩემს გულშია, მაგრამ ''აიაქსში'' ვრჩები''
Aa
Aa

ტენ ჰაგი:''ბაიერნი'' კვლავ ჩემს გულშია, მაგრამ ''აიაქსში'' ვრჩები''

საფეხბურთო კლუბ ამსტერდამის ''აიაქსის'' მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა გერმანულ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლომდე ჰოლანდიურ კლუბში იმუშავებს. ნიკო კოვაჩის გადადგომის შემდეგ 49 წლის სპეციალისტი ვაკანტური პოსტის დაკავების ერთ-ერთ კანდიდატად დასახელდა, თუმცა ტენ ჰაგი ამ ეტაპზე ბავარიულ გრანდში დაბრუნებას არ გეგმავს.

ტენ ჰაგი გერმანულ კლუბში 2013-15 წლებში მუშაობდა. როცა პეპ გუარდიოლა ''ბაიერნის'' მთავარი მწვრთნელი იყო, ტენ ჰაგი სარეზერვო გუნდს წვრთნიდა.

ტენ ჰაგი:''მიუნხენის ''ბაიერნი'' ფანტასტიკური კლუბია, სადაც ძალიან დიდი სიამოვნებით ვმუშაობდი. ''ბაიერნი'' კვლავ ჩემს გულშია, მაგრამ ახლა ''აიაქსში'' ვარ. მე არ ვარ მეოცნებე, კონცენტრირებული ვარ ''აიაქსზე'' და დღევანდელი დღით ვცხოვრობ.''

გერმანული Skysports-ის კითხვა იმ ფაქტსაც შეეხებოდა, რომ ''ბაიერნმა'' ჰოლანდიურ კლუბს ტენ ჰაგთან დაკავშირებით ოფიციალურად მიმართა. ''აიაქსის'' მთავარმა მწვრთნელმა ეს ინფორმაცია არ უარყო და არც დაადასტურა. მისი პასუხი ასეთი იყო: ''არ შემიძლია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.''

კითხვაზე რჩება თუ არა მიმდინარე სეზონის ბოლომდე ტენ ჰაგი ''აიაქსის'' მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ჰოლანდიელმა ასეთი პასუხი გასცა:''ვგრძნობ ძლიერ კავშირს ''აიაქსთან'' და გუნდის თითოეულ წევრთან. შემიძლია დავადასტურო, რომ სეზონის ბოლომდე ''აიაქსში'' ვიმუშავებ.''

შეგახსენებთ, ბუნდესლიგის გასულ ტურში ფრანკფურტის ''აინტრახმა'' ''კომერცბანკ არენაზე'' ნიკო კოვაჩის გუნდი 5:1 გაანადგურა. ადოლფ ჰიუტერის გუნდთან მძიმე მარცხის შემდეგ კოვაჩი გერმანულ გრანდს დაემშვიდობა. ''ბაიერნში'' მუშაობის 16-თვიანი პერიოდი მისი ძმისთვის, რობერტ კოვაჩისთვისაც დასრულდა. იყო დრო, როცა კოვაჩები ''ბაიერნში'' თანაგუნდელები იყვნენ, 2018 წლის ზაფხულიდან კი კლუბს წვრთნიდნენ. 

კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში კოვაჩმა ''ბაიერნს'' დიდი მალდობა გადაუხადა:''ვფიქრობ წასვლა სწორი გადაწყვეტილებაა. გასული წელიწადნახევარი ''ბაიერნის'' მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჩემს ძმასთან, რობერტთან ერთად ვიმუშავე. ჩვენ მოვიგეთ გერმანიის ჩემპიონატი, გერმანიის თასი და სუპერთასი. ეს კარგი დრო იყო. გუნდს წარმატებებს ვუსურვებ.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები