Aa Aa
4 ნოემბერი 2019  |  11:29

ლოს-ანჯელესელთა დამაჯერებელი გამარჯვებები და პრობლემები „ჰიუსტონში“

მაიამი - ჰიუსტონი 129 - 100

ჯეიმს ჰარდენისა და რასელ უესტბრუკის დუეტმა ჯერჯერობით თავისი თამაში ვერ იპოვა. „ჰიუსტონში“ სერიოზული პრობლემებია და ეს „მაიამისთან“ დაპირისპირებაშიც გამოჩნდა. ტეხასელებმა საშინლად იასპარეზეს და „ჰიტთან“ უშანსოდ დამარცხდნენ.

„მაიამიმ“ პირველი მეოთხედი 46-14 მოიგო და სოლიდური უპირატესობა შეხვედრის ბოლომდე შეინარჩუნა. ყველასთვის მოულოდნელად ფლორიდელებს 22 ქულით დანკან რობინსონმა ულიდერა. მაიერს ლეონარდმა გუნდს 21 ქულა და 4 მოხსნა შესძინა. ჯიმი ბატლერი 18 ქულას დასჯერდა, ხოლო ჯეიმს ჯონსონმა მატჩი 17 ქულით დაასრულა.

„ჰიუსტონს“ 29 ქულით ჯეიმს ჰარდენმა ულიდერა. რასელ უესტბრუკმა მხოლოდ 10 ქულა დააგროვა. კრის კლემონსმა კი 16 ქულა გაიფორმა.

სან ანტონიო - ლეიკერსი 96 – 103

ლებრონ ჯეიმსისა და ენტონი დევისის „ლეიკერსი“ წარმატებულ გამოსვლას აგრძელებს. გამთენიისას ფრენკ ვოგელის გუნდი „სან ანტონიოს“ გაეჯიბრა და არც თუ ისე სუსტი მეტოქე 103 – 96 დაამარცხა.

მატჩი თანაბარ ბრძოლაში დაიწყო. „ლეიკერსი“ წინ მეორე მეოთხედში გავიდა, რომელიც ლოს-ანჯელესელებმა 30-18 მოიგეს. მესამე თორმეტწუთეულში „სპურსმა“ ჩამორჩენა 8 ქულით შეამცირა, შეხვედრის მიწურულს კი უპირატესობის მოპოვებაც შეეძლო, მაგრამ შანსები ვერ გამოიყენა.

„ლეიკერსის“ მხრიდან შესანიშნავ ფორმაში მყოფი ენტონი დევისი გამოირჩა, რომელმაც 25 ქულასთან ერთად 11 მოხსნა გაიფორმა. ლებრონ ჯეიმსმა აქტივში მორიგი სამმაგი დუბლი ჩაიწერა - 21 ქულა, 11 მოხსნა, 13 შედეგიანი გადაცემა. სათადარიგოთა სკამიდან შესულმა დუაით ჰოვარდმა თავი 14 ქულასა და 13 მოხსნას მოუყარა. ევერი ბრედლი კი 16 ქულას დასჯერდა, მაგრამ ტრავმა მიიღო და პარკეტი ნაადრევად დატოვა.

„სან ანტონიოს“ 18 ქულით დეჟანტე მარიმ ულიდერა. რუდი გეიმ ორმაგი დუბლი გაიფორმა - 16 ქულა, 10 მოხსნა. დემარ დეროუზენი კი 14 ქულასა და 7 მოხსნას დასჯერდა.

კლიპერსი - იუტა 105 – 94

„ლეიკერსის“ მსგავსად გამარჯვება მეორე ლოს-ანჯელესურმა გუნდმაც მოიპოვა. „კლიპერსმა“ საკუთარ კედლებში „იუტა ჯაზი“ მიიღო და ბრწყინვალედ ჩატარებული მეოთხე მეოთხედის წყალობით 105-94 იმარჯვა.

როგორც მოსალოდნელი იყო „კლიპერსის“ წარმატებაში უდიდესი წვლილი კავაი ლეონარდმა შეიტანა. ლოს-ანჯელესელთა სუპერვარსკვლავმა 30 ქულა დააგროვა. ტრადიციულად კარგად გამოიყურებოდა „კლიპერსის“ მეორე ხუთეული. სათადარიგოთა სკამიდან შესულმა ჰერელმა, უილიამსმა და გრინმა 48 ქულა გაიფორმეს.

„იუტას“ 36 ქულით დონოვან მიჩელმა ულიდერა. ბოიან ბოგდანოვიჩმა 19 ქულა დააგროვა. რუდი გობერმა კი 12 ქულასთან ერთად 14 მოხსნა გაიფორმა.

სხვა მატჩების შედეგები

ინდიანა - ჩიკაგო 108 - 95

ნიუ იორკი - საკრამენტო 92 - 113

კლივლენდი - დალასი 111 - 131

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

100% CASHBACK კრისტალბეთზე!

100% CASHBACK კრისტალბეთზე!