Aa
Aa

ისტორიული მატჩი, შესანიშნავი ბითაძე და "ინდიანას" გამარჯვება

სეზონის სტარტზე განცდილი ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ, გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსი" ჩვეულ სტილში ათამაშდა და მიჯრით სამი შეხვედრა მოიგო. გამთენიისას ნეით მაკმილანის გუნდი "ჩიკაგო ბულსს" გაეჯიბრა და მეტოქეს ყოველგვარი პრობლემების გარეშე - 108-95 სძლია.

"ხარებთან" გამართული ჯახი გოგასთვის ისტორიული გახლდათ. ბითაძემ "ინდიანას" სასტარტო ხუთეულში პირველად იასპარეზა. 20 წლის ქართველი ცენტრი NBA-ს ნელ-ნელა ეგუება, მაგრამ სასწავლი ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს და ეს "ჩიკაგოსთანაც" გამოჩნდა.

"ბულსთან" ბითაძემ თავისი ანგარიში მალევე გახსნა. გოგამ ბროგდონის პასით ისარგებლა, საშუალოდან ჩააგდო და "ინდიანას" პირველი ქულები მოუტანა. საწყისი მეოთხედი ჩვენებურმა 2 ქულით დაასრულა, მეორე თორმეტწუთეულში კი ჯერ სამწამიანიდან აღებული ორი ქულა შემოგვთავაზა, ხოლო შემდეგ ეფექტური ჩატენვა და სამქულიანი გაიფორმა.

ერთადერთი უარყოფითი, რის გამოც გოგამ ბევრი სათამაშო დრო ვერ მიიღო, პერსონალური ფოლები იყო. პირველ ტაიმში ქართველი კალათბურთელი 3-ჯერ დაჯარიმდა. მესამე მეოთხედში კი წესები კიდევ ერთხელ დაარღვია და მაკმილანმა იგი სათადარიგოთა სკამზე ნაადრევად გადაიყვანა.

ბითაძე პარკეტს მეოთხე მეოთხედში დაუბრუნდა. მან ერთი დაფარება და მოხსნა მიითვალა, თუმცა რამდენიმე წამში მეხუთე ჯარიმა მიიღო და მის ნაცვლად მოედანზე ტი ჯეი ლიფი შევიდა. "პეისერსის" თავკაცმა 20 წლის ცენტრს სათამაშო დრო მატჩის მიწურულსაც მისცა, მაგრამ ბითაძე პარკეტზე გასვლიდან 6 წამში მეექვსედ დაჯარიმდა.

საბოლოოდ გოგამ 18 წუთი და 57 წამი ითამაშა. მან აქტივში 9 ქულა, 4 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 4 დაფარება ჩაიწერა. როგორც აღვნიშნეთ ჩვენებურმა 6 ფოლი მიიღო და ბურთი ერთხელ დაკარგა.

აქვე გეტყვით, რომ "პეისერსს" 26 ქულით ტი ჯეი უორენმა ულიდერა. მალკოლმ ბროგდონმა გუნდს 22 ქულა და 7 შედეგიანი გადაცემა შესძინა. ტი ჯეი ლიფმა ორმაგი დუბლი გაიფორმა - 13 ქულა, 15 მოხსნა, ხოლო ჯერემი ლემბმა თავი 11 ქულას მოუყარა.

"ჩიკაგოს" დამარცხების შემდეგ "ინდიანა" სტუმრად იასპარეზებს და 6 ოქტომბერს "შარლოტ ჰორნეთსს" შეერკინება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები