შეხვედრა შედგა: ''არსენალი'' მოურინიოსთან მოლაპარაკებას აწარმოებს
Aa
Aa

შეხვედრა შედგა: ''არსენალი'' მოურინიოსთან მოლაპარაკებას აწარმოებს

ინგლისის პრემიერლიგაში ლონდონის ''არსენალი'' წარუმატებლად ასპარეზობს, ''მეთოფეებმა'' უკანასკნელ სამ მატჩში გამარჯვების მოპოვება ვერ მოახერხეს, რაც შესაძლოა გუნდის მთავარ მწვრთნელ უნაი ემერისთან დამშვიდობების საფუძველი გახდეს.

The Sunday Times ემერის შეცვლასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვით ემერის შეცვლის მთავარი კანდიდატი ჟოზე მოურინიოა, რომელიც 2018 წლის მიწურულს ''მან. იუნაიტედიდან'' წამოსვლის შემდეგ უმუშევარია.

გასულ კვირას ''არსენალის'' წარმომადგენელი რაულ სანლეჰი ჟოზე მოურინიოს შეხვდა. მათ ისადილეს და შესაძლო თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკება გამართეს. რაულ სანლეჰი კლუბის საფეხბურთო დირექტორია და გუნდის გაძლიერება მისი პირდაპირი მოვალეობაა.

აღნიშნული წყაროს ცნობით პორტუგალიელმა სპეციალისტმა ''არსენალის'' წარმომადგენელს თავისი ხედვისა და იმ ფეხბურთელების შესახებ უამბო, ვისთან ერთადაც ''არსენალში'' მუშაობას მოიაზრებს. ასე რომ თუ ემერი პოსტს დატოვებს და მთავარ მწვრთნელად მოურინიოს ვიხილავთ, ზამთარში ''არსენალი'' რამდენიმე ტრანსფერს განახორციელებს.

2018 წლის ზაფხულში არსენ ვენგერის წასვლის შემდეგ ''არსენალის'' მთავარ მწვრთნელად უნაი ემერი დაინიშნა. ესპანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ჩრდილოლონდონური კლუბი ევროპა ლიგის ფინალში სარის ''ჩელსისთან'' პირწმინდად დამარცხდა. რაც შეეხება პრემიერლიგას, ''არსენალი'' ოთხეულში ვერ მოხვდა და მიმდინარე სეზონშიც ევროპა ლიგაზე ასპარეზობს.

მიმდინარე სეზონში 6 ოქტომბერს ''ბორნმუთთან'' მოგებული მატჩის შემდეგ ''არსენალს'' პრემიერლიგაში გამარჯვება არ მოუპოვებია. ემერის გუნდმა ''შეფილდ იუნაიტედთან'' გასვლითი მატჩი დათმო, შემდეგ ''კრისტალ პალასთან'' ფრედ 2:2 ითამაშა. გასულ ტურში ''არსენალმა'' ''ემირეითსზე'' ''ვულვზის'' უმასპინძლა. საფეხბურთო დაპირისპირება 1:1 დასრულდა (იხილეთ).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები