საოცარი საჩემპიონო ზეიმი, აუტსაიდერთა დრამატული მატჩი და ხარაიშვილის უხვგოლიანი გამარჯვება
Aa
Aa

საოცარი საჩემპიონო ზეიმი, აუტსაიდერთა დრამატული მატჩი და ხარაიშვილის უხვგოლიანი გამარჯვება

შვედეთის საფეხბურთო ჩემპიონატის 2019 წლის სეზონი ''იურგორდენის'' გამარჯვებით დასრულდა. 30-ე ტურში ''ნორჩიოპინგისა'' და ''იურგორდენის'' შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. ''იურგორდენს'' ჩემპიონობისთვის ქულის მოპოვება სჭირდებოდა, პირველი ტაიმი მასპინძლებმა 2:0 მოიგეს, თუმცა შესვენების შემდეგ სტუმრებმა წონასწორობა აღადგინეს და სეზონი ტრიუმფით დაასრულეს.

''იურგორდენი'' შვედეთის ჩემპიონი მეთორმეტედ გახდა, 2005 წლის შემდეგ პირველად იზეიმა ჩემპიონობა, რაც საკმაოდ შთამბეჭდავი სანახავი გამოვიდა.

'

გიორგი ხარაიშვილის ''გიოტებორგმა'' სეზონის უკანასკნელ მატჩში საკუთარ მინდორზე ''ესტერსუნდი'' 7:1 გაანადგურა. ქართველმა შემტევმა მოედანზე 90 წუთი გაატარა. ''საბურთალოს'' აღზრდილმა მეხუთე გოლისას საგოლე გადაცემა შეასრულა.

2019 წლის სეზონში 23 წლის გიორგი ხარაიშვილმა შვედეთის ჩემპიონატის მხოლოდ 2 მატჩი გამოტოვა, მან 28 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 7 გოლი შეაგდო და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. ეს მისი მეორე სეზონი იყო ''გიოტებორგის'' რიგებში. 2018 წლის სეზონში საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევის ანგარიშზე 27 მატჩში გატანილი 9 გოლი და 4 საგოლე გადაცემა იყო.

 

16-გუნდიან ჩემპიონატში ''გიოტებორგი'' 48 ქულით მე-7 ადგილზე გავიდა.

ძალიან დრამატული მატჩი გამოვიდა აუტსაიდერთა შორის, როცა ''ფალკენბერგმა''  სეზონის უკანასკნელი ტურის მეორე ტაიმის მეორე დამატებულ წუთზე გატანილი გოლით კონკურენტი ''ესკილსტუნა'' დაამარცხა და ამ გოლით ელიტაში თამაშის უფლება მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები