Aa
Aa

''სიონმა'' ''რუსთავი'' დაამარცხა: უმძიმესი შეჯახება და საავადმყოფოში გადაყვანილი მოთამაშე

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 33-ე ტურში აუტსაიდერთა დაპირისპირება შედგა, ბოლნისის ''სიონმა'' ''თამაზ სტეფანიაზე'' ''რუსთავი'' 2:1 დაამარცხა.

მატჩის პირველი ტაიმის 13-წუთიან მონაკვეთში მასპინძელთა შემტევმა ბექა გვარაძემ დუბლი შეასრულა. პირველი გოლისას ''რუსთავის'' მეკარე გიორგი მამარდაშვილი შეცდა, გვარაძის ჩამოშორებას ცდილობდა, თუმცა არ გამოუვიდა და მასპინძლებმა ანგარიში გახსნეს.  37-ე წუთზე დავით თარგამაძის გადაცემის შემდეგ მეტოქის საჯარიმოში გვარაძემ ზუსტად ითამაშა და ახლო მანძილიდან დუბლი შეასრულა.

ტაიმის მიწურულს ''სიონის'' მეკარემ, ოთო გოშაძემ საკუთარ საჯარიმოში ''რუსთავის'' შემტევ ლუკა იმნაძის წინააღმდეგ ძალიან უხეშად ითამაშა. შეეჯახა საკმაოდ მძიმე გამოვიდა. იმნაძე მოედნიდან პირდაპირ კლინიკაში გადაიყვანეს, ქომაგებმა და ფეხბურთელებმა დაზარალებული მოედნიდან აპლოდისმენტებით გააცილეს.

გოშაძის უხეში თამაშის გამო არბიტრმა პენალტი დანიშნა, რომელიც ბექა ქავთარაძემ ზუსტად შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

 

მეორე ტაიმის მეორე დამატებულ წუთზე ''სიონის'' ანგარიშის გაზრდის კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა რატი ცაცკრიალაშვილმა პენალტი არაზუსტად შეასრულა და მატჩში ანგარიში არ შეცვლილა, აუტსაიდერთა დაპირისპირება ''სიონის'' გამარჯვებით დასრულდა.

ამავე ტურში ბოლოადგილოსანმა ''ვიტ ჯორჯიამ'' ''მიხეილ მესხის'' სათადარიგო მოედანზე ''ლოკომოტივს'' უმასპინძლა. ''ლოკოს'' ფორვარდმა ირაკლი სიხარულიძემ დუბლი შეასრულა და მისმა გუნდმა 3 ქულა მოიპოვა.

''ლოკომოტივი'' მეოთხე ადგილზეა და ''ჩიხურას'' 8 ქულით უსწრებს. ''ვიტ ჯორჯია'' 20 ქულით ბოლო ადგილზეა და შემდეგ სეზონს რანგით მეორე ლიგაში გაატარებს. ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი.

ფოტო: ბოლნისის ''სიონის'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები