ბერიძე:''ეს საქმე ათი გუნდიდან ერთ-ერთმა გააკეთა, ჩემი პრინციპია არამზადებს ვებრძოლო''
Aa
Aa

ბერიძე:''ეს საქმე ათი გუნდიდან ერთ-ერთმა გააკეთა, ჩემი პრინციპია არამზადებს ვებრძოლო''

საფეხბურთო კლუბ ბათუმის ''დინამოს'' მფლობელმა არჩილ ბერიძემ ''ჩიხურასთან'' მატჩთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა. ბერიძის თქმით მთავარმა მსაჯმა გოგა კიკაჩეიშვილმა შეცდომები განზრახ დაუშვა.

ასევე აღსანიშნავია, რომ არჩილ ბერიძემ ''ჩიხურასთან'' მატჩის შემდეგ გაკეთებული პირველი კომენტარი შეცვალა. პირველ განცხადებაში ბერიძე კლუბის დატოვებას გეგმავდა, თუმცა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ კლუბის დატოვებას არ აპირებს და მუშაობის გაგრძელებას გეგმავს.

არჩილ ბერიძე:''ჩვენ არ დავტოვებთ კლუბს, მეტი შემართებით გავაგრძელებთ მუშაობას. არ გავაკეთებთ იმას, რომ ამდენად დიდი პროექტი ერთ არამზადას გადავაყოლოთ.

დიდი მადლობა ყველას, ვინც გვერდში გვიდგას  და მომავალშიც გვერდით დაგვიდგება.

ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ არასწორი მსაჯობა არ ყოფილა ფედერაციის ხელმძღვანელების ბრალი. როცა ფედერაციის ხელმძღვანელების სუფთა ხელები დავინახე, ფეხბურთში ფულის ჩადება გადავწყვიტე.

გუშინ კიკაჩეიშვილმა გაიღვიძა და თქვა, რომ მოდი დღეს ბათუმის ''დინამო'' გავამწაროო? ასე არ იქნებოდა. ეჭვი მაქვს, რომ ვიღაცამ კიკაჩეიშვილს სთხოვა და უთხრა, რომ ასე მოქცეულიყო. შენ როცა პირველ ტაიმში პენალტს არ დებ, შესვენებისას ამ ეპიზოდს ნახულობ და შემდეგ გამოდიხარ და ასპროცენტიან ჯარიმას არ დებ, ეს არის ათი გუნდიდან ერთ-ერთის გაკეთებული საქმე.

ჩემი მუშაობის პრინციპია ასეთი არამზადები ქართულ ფეხბურთში არ იყვნენ.

ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ეროვნული ჩემპიონატის ათი გუნდის წარმომადგენლები ლევან კობიაშვილს შევხვდით. ფედერაციის პრეზიდენტმა გვითხრა, რომ ერთმანეთს გავუფრთხილდეთ და სუფთად ვიმუშავოთ.

ამ შეხვედრაზე გუნდების წარმომადგენლებმა ვისაუბრეთ უნდა გვეთამაშა თუ არა ივანწმინდაში ასეთ ცუდ მდგომარეობაში მყოფ მინდოზე, თუმცა სხვა კლუბებმა განაცხადეს, რომ თუ ჩვენ ვითამაშეთ, ბათუმის ''დინამომ'' რატომ არ უნდა ითამაშოსო. ''საბურთალო'' ჩემი კონკურენტია, მაგრამ კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ივანწმინდაში ასეთ სტადიონზე არ უნდა ითამაშოს.

ჩვენ ამ მატჩს გავასაჩივრებთ. მაქვს ეჭვი, რომ კიკაჩეიშვილმა ეს გააკეთა გამიზნულად.

სამუდამოდ აეკრძალოს კიკაჩეიშვილს მსაჯობა და სხვა მსაჯი ამას არ გააკეთებს. გამოსავალი ესაა.

ჩვენ მივდივართ სწორი მიმართულებით. როცა მოვედით ელემენტარული სკამი არ იყო და ახლა შემიძლია განახოთ თუ რა პირობებში მუშაობენ ''დინამოს'' მწვრთნელები და რა პირობებში ვარჯიშობენ ''დინამოს'' ფეხბურთელები.

მოვა დრო და აქ გაზრდილი ბავშვები ბათუმის ''დინამოსა'' და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ითამაშებენ.''

შეგახსენებთ, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის 33-ე ტურში ჩემპიონატის ლიდერმა ბათუმის ''დინამომ'' უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა, სოსო ფრუიძის გაწვრთნილმა ''ჩიხურამ'' შინ აჭარული გუნდი 2:0 დაამარცხა.

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში გია გეგუჩაძის გუნდის 11-მატჩიანი წაუგებელი სერია ივანწმინდაში შეწყდა. 54 წლის გამოცდილი სპეციალისტის გუნდმა ზედიზედ მეოთხე მატჩში ვერ მოახერხა 3 ქულის მოპოვება, საკუთარ კედლებში უშუალო კონკურენტ თბილისის ''დინამოსთან'' ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ აჭარულმა გუნდმა ორი აუტსაიდერი გუნდი, გორის ''დილა'' და უმძიმეს ფინანსურ კრიზისში მყოფი ''ვიტ ჯორჯია'' ვერ დაამარცხა (იხილეთ).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები