გეგუჩაძის გუნდის სენსაციური მარცხი და ლიდერის შეცვლის მოლოდინი
Aa
Aa

გეგუჩაძის გუნდის სენსაციური მარცხი და ლიდერის შეცვლის მოლოდინი

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის 33-ე ტურში ჩემპიონატის ლიდერმა ბათუმის ''დინამომ'' უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა, სოსო ფრუიძის გაწვრთნილმა ''ჩიხურამ'' შინ აჭარული გუნდი 2:0 დაამარცხა.

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში გია გეგუჩაძის გუნდის 11-მატჩიანი წაუგებელი სერია ივანწმინდაში შეწყდა. 54 წლის გამოცდილი სპეციალისტის გუნდმა ზედიზედ მეოთხე მატჩში ვერ მოახერხა 3 ქულის მოპოვება, საკუთარ კედლებში უშუალო კონკურენტ თბილისის ''დინამოსთან'' ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ აჭარულმა გუნდმა ორი აუტსაიდერი გუნდი, გორის ''დილა'' და უმძიმეს ფინანსურ კრიზისში მყოფი ''ვიტ ჯორჯია'' ვერ დაამარცხა.

მსაჯის შეცდომები

პირველი ტაიმიდან ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი მსაჯის შეცდომას უკავშირდება, როცა დვალიშვილის დარტყმის შემდეგ ''ჩიხურას'' ფეხბურთელ დავით მაისაშვილს საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა, თუმცა მთავარმა არბიტრმა გოგა კიკაჩეიშვილმა თამაშის წესის დარღვევა არ დააფიქსირა, მან სტუმართა სასარგებლოდ ასპროცენტიანი პენალტი არ დანიშნა. 

პირველ ტაიმში ჯოვინო ფლამარიონი მეკარესთან პირისპირ გადიოდა, თუმცა შოთა კაშიამ მის წინააღმდეგ უხეშად ითამაშა. არბიტრი ამჯერადაც შეცდა და თამაშის წესების დარღვევა არ დააფიქსირა.

მასპინძლებმა გოლები მეორე ტაიმში გაიტანეს, 68-ე წუთზე სარდალიშვილის პასით გიორგი ფანცულაიამ ანგარიში გახსნა. პირველი გოლის ეპიზოდიდან აღსანიშნავია თემურ მარკოზაშვილის ძალიან კარგი გადაცემა.

გოლის გაშვების შემდეგ ჯოვინო ფლამარიონს ანგარიშის გათანაბრების შესანიშნავი შანსი ჰქონდა, თუმცა ჰამზიჩის ბრწყინვალე სეივის შემდეგ ფაქტობრივად ცარიელ კარში ვერ შეაგდო.

მეორე გოლი 89-ე წუთზე რატი არდაზიშვილმა გაიტანა, კონტრშეტევისას ''ჩიხურას'' შემტევმა მეტოქის ოთხ ფეხბურთელს აჯობა და ალავიძეს ახლო კუთხეში გაუტანა.

''ჩიხურას'' გოლები

გუნდების შემადგენლობები

საჩხერის ჩიხურა: ჰამზიჩი, კორიფაძე, მაისაშვილი, კაშია, ჩიკვაიძე (ჩიხლაძე 65), სარდალიშვილი (ერგემლიძე 74), მამასახლისი, ჩიტეიშვილი, არდაზიშვილი, ფანცულაია (მუმლაძე 77), მარკოზაშვილი

ბათუმის დინამო: ალავიძე, მელიავა, კობახიძე, გაგოშიძე, ნავალოვსკი, ტეიდი (გაფრინდაშვილი 69), მამუჩაშვილი (თევდორაძე 83), ჯიღაური (რამოსი 63), ჯოვინო, მანჯგალაძე, დვალიშვილი 

სატურნირო მდგომარეობა და მიმდინარე ტური

33 ტურში ბათუმის ''დინამომ'' 64 ქულა მოაგროვა და მეორეადგილოსან თბილისის ''დინამოს'' მხოლოდ 1 ქულით უსწრებს. ''ჩიხურას'' ანგარიშზე 33 ტურში მოპოვებული 41 ქულაა. ამჟამად ფრუიძის გუნდი მეხუთე ადგილზეა და გასავარდნ ზონას 4 ქულით უსწრებს.

ლიდერის მარცხით თბილისის ''დინამოს'' პირველ ადგილზე გადასვლის რეალური შანსი აქვს, თუ ჩისკოს გუნდი ''დინამო არენაზე'' ფინანსურ კრიზისში მყოფ ''ტორპედოს'' დაამარცხებს, ჩემპიონატის ლიდერი საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი გახდება. თბილისის ''დინამოსა'' და ''ტორპედოს'' დაპირისპირება 3 ნოემბერს გაიმართება. ამავე დღეს მესამეადგილოსანი ''საბურთალო'' გორის ''დილას'' ესტუმრება.

2 ნოემბერს ბოლნისის ''სიონი'' ''რუსთავს'' უმასპინძლებს, ბოლოადგილოსანი ''ვიტ ჯორჯია'' - თბილისის ''ლოკომოტივს.'' 

ფოტო/ვიდეო: eliga.ge, ბათუმის ''დინამოს'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები