არველაძე უზბეკეთს ტოვებს? ქართველ სპეციალისტს თურქეთში იწვევენ
Aa
Aa

არველაძე უზბეკეთს ტოვებს? ქართველ სპეციალისტს თურქეთში იწვევენ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე, რომელსაც ტაშკენტის ''ფახთაქორთან'' კონტრაქტის ვადა ეწურება, შესაძლოა თურქეთის სუპერლიგაში დაბრუნდეს. ქართველი სპეციალისტი ''გიოზთეფეს'' გაწვრთნის უპირველესი კანდიდატია. ინფორმაციას თურქული Yeniasir-ი ავრცელებს.

''გიოზთეფეს'' პრეზიდენტი მეჰმეთ სეპილი არველაძის დარწმუნებას ცდილობს, თუმცა რთული წარმოსადგენია უზბეკეთში წარმატებული მუშაობის შემდეგ არველაძემ თურქეთის აუტსაიდერი გუნდი ჩაიბაროს. 2019 წლის სეზონში არველაძის გაწვრთნილმა ''ფახთაქორმა'' აზიის ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზა, უზბეკეთის ჩემპიონატი და თასი მოიგო. გარდა ამისა ''ფახთაქორს'' უზბეკეთის ლიგის თასის მოგების შანსი აქვს, რისთვისაც გადამწყვეტ მატჩში გამარჯვებაა საჭირო.

უზბეკეთის ლიგის თასის ფინალში არველაძის გუნდის მეტოქე აგმკ იქნება, რომლის ღირსებას ელგუჯა გრიგალაშვილი იცავს.

თუ თურქული კლუბი არველაძეს ვერ შეუთანხმდება, ''გიოზთეფე'' მოლაპარაკების დაწყებას ''ქონიას'' მთავარ მწვრთნელ აიკუტ კოჯამანთან გეგმავს.  უზბეკური კლუბი არველაძესთან და მის სამწვრთნელო შტაბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს.

9 ტურის შემდეგ ''გიოზთეფემ'' 9 ქულა მოაგროვა და ბოლოადგილოსანს მხოლოდ 5 ქულით უსწრებს.

''გიოზთეფეში'' რამდენიმე ცნობილი ფეხბურთელი ასპარეზობს. მათ შორის არიან ერენ დერდიოკი, კამერონ ჯერომი, სელსო ბორხესი და პორტუგალიელი მეკარე ბეტო.

შოთა არველაძეს თურქულ კლუბებში მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს. ''ტრაბზონის'' ლეგენდარული ფორვარდი 2010-15 წლებში ''ქასიმფაშას,'' ''ქაისერსა'' და ''ტრაბზონს'' წვრთნიდა.

ფოტო: championat.asia, yeniasir.com.tr

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები