''ფეხებს დაგამტვრევთ და შენს ცოლს მოვკლავთ'' - ჯაკას განმარტება ინცინდენტის შემდეგ
Aa
Aa

''ფეხებს დაგამტვრევთ და შენს ცოლს მოვკლავთ'' - ჯაკას განმარტება ინცინდენტის შემდეგ

''მეთოფეთა'' შვეიცარიელმა კაპიტანმა გრანიტ ჯაკამ გააკეთა განცხადება, რომელშიც ქომაგთა გარკვეული ნაწილის მხრიდან მის უარყოფით დამოკიდებულებაზე საუბრობს. ჯაკას თქმით ''არსენალის'' გულშემატკივრები შეურაცხყოფას როგორც მას, ასევე მისი ოჯახის წევრებს აყენებდნენ.

ლონდონურ დერბიში ''არსენალი'' 2:0-ს იგებდა, თუმცა მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. მოედნიდან გასვლისას ჯაკამ კაპიტნის სამკლავური მინდორზე დააგდო და ქომაგებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მატჩის შემდეგ ლონდონელთა მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ ჯაკას საქციელი უარყოფითად შეაფასა.

ინცინდენტიდან რამდენიმე დღის შემდეგ ჯაკამ დუმილი დაარღვია. ლონდონის ''არსენალის'' ოფიციალურმა ვებგვერდმა მისი განცხადება გამოაქვეყნა.

ჯაკას განცხადება

''კვირას გამართული მატჩის შემდეგ დასაფიქრებლად გარკვეული დრო ავიღე. პასუხის სწრაფად გაცემას ვითარების ახსნა ახლა ვამჯობინე.

მოქმედებები, რომლებიც ''კრისტალ პალასთან'' ჩემს ცვლილებას თან ახლდა, ჩემთვის ძალიან ემოციური იყო. მე მიყვარს ''არსენალი'' და ამ კლუბისთვის ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებ მინდორსა თუ მინდვრის მიღმა.

ჩემი შეგრძნება გუნდის ქომაგებითვის გასაგები არ იყო, ისინი ჩემს მიმართ იმეორებდნენ შეურაცხმყოფელ ფრაზებს როგორც სტადიონზე, ასევე მატჩების დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელში. ასე იყო გასულ კვირებსა და თვეებში.

ხალხი მსგავს რაღაცებს ამბობდა:''ჩვენ დაგამტვრევთ ფეხებს'', ''მოვკლავთ შენს ცოლს'', ''გვინდა შენი შვილი სიმსივნით დაავადდეს''. ამ ყველაფერმა ჩემი ემოციები გააღვიძა და ყველაფერი დუღილის ტემპერატურამდე მაშინ მივიდა, როცა გასულ კვირას სტადიონზე ჩემი უარყოფა ვიგრძენი.

ამ ვითარებაში თავი ვერ გავაკონტროლე და ისეთი რეაქცია მქონდა, რომლითაც უპატივცემულობა გამოვხატე მათ მიმართ, ვინც ჩვენს კლუბს, ჩვენს გუნდსა და მე პოზიტიური ენერგიით მხარს გვიჭერს. ეს ჩემი განზრახვა არ ყოფილა, ბოდიში მათ თუ ასე ფიქრობენ.

ჩემი სურვილია დავბრუნდეთ წარსულში, როცა ერთმანეთის მიმართ პატივისცემას გამოვხატავდით. წინ ერთად დადებითი ენერგიით ვიაროთ''.

ჯაკა, რომელიც ლონდონის ''არსენალში'' 2016 წლიდან თამაშობს, ინგლისის ლიგის თასზე ''ლივერპულთან'' მატჩში სამატჩო განაცხადში არ ყოფილა.

პრემიერლიგის შემდეგ ტურში ჩრდილოლონდონური კლუბის მეტოქე ''ვულვზი'' იქნება. ამ ეტაპზე უცნობია ითამაშებს თუ არა ჯაკა ნუნუ ეშპირიტუ სანტუს გუნდის წინააღმდეგ. შეხვედრა 2 ნოემბერს ''ემირეითსზე'' გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები